რიგა ევროპის 2025 წლის მობილობის კვირის გამარჯვებული გახდა. ეს ჯილდო გადაეცემათ ქალაქებს, რომლებიც ხელს უწყობენ მოსახლეობას ეკოლოგიური და ჯანსაღი გადაადგილების საშუალებების არჩევაში.
ლატვიის დედაქალაქმა გამარჯვება მოიპოვა მობილობის კვირის ფარგლებში ჩატარებული მრავალფეროვანი პროგრამის წყალობით – მასში შედიოდა მასშტაბური ქუჩის აქციები, ციფრული კამპანიები და ახალგაზრდული ვორქშოპები. მაგალითად, ქალაქში გაიმართა Tweed Ride – ველოსიპედების მსვლელობა, სადაც 300-ზე მეტმა მონაწილემ ვინტაჟურ ველოსიპედებსა და რეტრო სტილში ჩაცმულმა მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიებებს სოციალური მიმართულებაც ჰქონდა – მოხალისეები SOS სოფლების ბავშვებს ველოსიპედის ტარებას ასწავლიდნენ და მათ შეკეთებაშიც ეხმარებოდნენ. პარალელურად მოქმედებდა „პოზიტიური ემოციების მარშრუტები“, სადაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრებს ანიმატორები და კარიკატურისტები ართობდნენ, გაჩერებებზე კი ზუმბას გაკვეთილები ტარდებოდა.

დაახლოებით 3000 რიგელმა მონაწილეობა მიიღო ფეხით სიარულის გამოწვევაში და ერთ კვირაში ჯამში 128 მილიონი ნაბიჯი გადადგა. პროგრამაში აქტიურად იყვნენ ჩართული სკოლები და სტუდენტები, რომლებიც ქალაქის წარმომადგენლებთან ერთად ახალ ველობილიკებს გეგმავდნენ.
ქალაქში ასევე გაიმართა საინფორმაციო კამპანია „რიგა მოძრაობს“, რომელიც მოძრაობის უსაფრთხოებას ეძღვნებოდა – მის ფარგლებში ათასობით ქვეითსა და ველოსიპედისტს დაურიგდა ამრეკლავი ელემენტები, რათა ისინი სიბნელეში უკეთ გამოჩენილიყვნენ.
რიგა აგრძელებს ეკოლოგიური ტრანსპორტის განვითარებაზე მუშაობას – მაგალითად, ქალაქში ფართოვდება ზონები, სადაც სიჩქარის ლიმიტი 30 კმ/სთ-მდეა შეზღუდული.