„ჩვენ ერთი თვით მოვითხოვეთ კომისიის მუშაობის ვადის გაგრძელება შემოსული წერილების მოცულობიდან გამომდინარე“, – ამის შესახებ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„გამომდინარე იქიდან, რომ თემა არის ბევრი, მტკივნეული, კომპლექსური და გამომდინარე კიდევ იქიდან, რომ პარლამენტმა გადაწყვიტა და ჩვენმა უმრავლესობამ ასე ჩათვალა პარლამენტში, ყველამ ხმა მივეცით ამ მიდგომას, რომ გაფართოებულიყო მანდატი 2012-2024 წლები. ეს, რა თქმა უნდა, სულ მცირე, ერთ თვეს მოითხოვს. ამის შემდეგ, საპარლამენტო ცხოვრება ასეთია, რომ ივლის-აგვისტოში აქტიური პლენარული სხდომის ფარგლებში აქტიური საპარლამენტო მუშაობა არ არის, არ ხდება და ჩვენ ყველა შემთხვევაში, ამ დასკვნის წარდგენა პლენარული სხდომის წინაშე მოგვიწევს სექტემბერში. დანარჩენი, პროცედურების საკითხია. მათი გადასაწყვეტია, მომდევნო არჩევნებზე მიიღებენ თუ არა მონაწილეობას არჩევნებში, მაგრამ ეს დასკვნა დადგენილ ვადებში, ყველაზე გვიან, სექტემბერში იქნება განხილული პლენარულ სხდომაზე და შემდეგ, ამ დასკვნაზე დაყრდნობით, ან მის გარეშეც, ეს გადასაჭრელ საკითხად რჩება ამ ეტაპზე, შესაძლებელი იქნება საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა, მაგრამ კომისია ასე ვთქვათ, მოკლევადიან პერსპექტივაში იმდენად არ ვმუშაობთ, რამდენადაც უფრო ფართოდ ვუყურებთ სურათს, რომ შემდეგ საპარლამენტო არჩევნები მოდის, რთული პროცესებია წინ ქვეყნისთვის“, – განაცხადა წულუკიანმა.
ამ განცხადებით თეა წულუკიანმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რომლის თანახმად, „ნაციონალურ მოძრაობას“ გაცხადებული აქვს, რომ ის არ მიიღებს მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, თუმცა გადაფიქრების შემთხვევაში რამდენად მოასწრებს კომისია პარტიისთვის პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვას არჩევნებამდე, რადგან კომისიის დასკვნის წარდგენა საშემოდგომო სესიის პირველივე კვირას არის დაანონსებული და 4 ოქტომბერს არის თვითმმართველობის არჩევნები.
კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია, კომისია ცალკეულ პოლიტიკურ აქტორებსაც შეეხოს და იქნება თუ არა პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვა-აკრძალვა კონკრეტულ სუბიექტებთან მიმართებაში, თუ საუბარია მხოლოდ პარტიებზე, თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ პირველ რიგში, პოლიტიკურ აქტორებს უნდა შეეხოს.
„როგორც ჰიტლერი ვერ იქნებოდა და ვერ იქნება პოლიტიკაში, ასევე სააკაშვილი ვერ უნდა იყოს ვერასდროს პოლიტიკაში. მან რაც არ უნდა შექმნას მომავალში „ვივამედში“ პარტია „ვივამედი“, ან პარტია „გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობის პატიმრები ძლიერი საქართველოსთვის“, „გირჩი 3“, თუ „გირჩი 4“, რასაც დაირქმევენ, სულ ერთია, რაც არ უნდა იყოს პარტიის სახელწოდება, კონკრეტულ პირებს აღარ უნდა ჰქონდეთ საქართველოში პოლიტიკის კეთების უფლება, როგორც ეს მოხდა ნაცისტური გერმანიის შემთხვევაში“, – განაცხადა წულუკიანმა.