რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრები, ზურა ხაჩიძე და ირაკლი ნოზაძე, ასევე ნინი ქარსელაძე და მარიკა თხელიძე სტუმრობდნენ. გადაცემაში სიმღერის „სულ ერთად ვიქნებით“ პრემიერა შედგა.
ვისაუბროთ თქვენს მუსიკალურ ტურნეზე და ახალ, ერთობლივ სიმღერაზე „სულ ერთად ვიქნებით“.
ირაკლი: პირველ რიგში, მადლობა „კულტურის სამინისტროს“ და ჩვენს უმაგრეს მინისტრს, რომ მოგვცა შესაძლებლობა, „ქუჩის ბიჭების“ სცენაზე ყოფნის 30 წლის თავი აღგვენიშნა.
ზურა: ამ ტურნეს ფარგლებში, ნინი და მარიკაც ჩვენთან ერთად დადიან და 4 ქალაქი, ბათუმი, ლანჩხუთი, ანაკლია, წყალტუბო უკვე მოვიარეთ. დაგვრჩა კიდევ 4 ქალაქი, რომელთაგან ერთ-ერთიც ზუსტად ვიცით, რომ ბორჯომია.
ირაკლი: ჩვენი სურვილი იყო, რომ ჩვენს მხარეში დაგვემთავრებინა ტურნე და გვქონოდა შემაჯამებელი კონცერტი.
მარიკა: დიდი მადლობა „კულტურის სამინისტროს“, ბიჭებს და ნინის, რადგან არაჩვეულებრივი კონცერტი გამოგვივიდა ერთად. არაჩვეულებრივი მსმენელი დაგვხვდა ყველგან, სადაც ჩავედით და ვიმღერეთ.
რაც შეეხება ჩვენს ახალ სიმღერას, სოციალურ ქსელშიც დავწერე, რომ მე და ნინის დაახლოებით 20 წელია, ასეთი ახალი სიტყვა არ გვითქვამს. ამ 20 წლის მერე გადავდგით ასეთი ნაბიჯი, როგორც იქნა, გავჭერით ეს წითელი ლენტი და მე, ნინიმ და „ქუჩის ბიჭებმა“ ჩავწერეთ ახალი სიმღერა. კონცერტებზეც რომ მოისმინეს, ჰყვებოდნენ ტექსტს. ყველას ძალიან მოსწონს და ძალიან გახარებულები ვართ. უკვე კლიპიც მზად არის. ხათუნა ჟორდანიას ეკუთვნის ახალი სიმღერის პროდიუსინგი, მისი იდეა იყო და მინდა, რომ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მას.
ნინი: მეც აუცილებლად უნდა დავიწყო მადლობით. ფანტასტიკური კონცერტები ჩატარდა, ერთ-ერთ კონცერტზე ცრემლებიანიც ვმღეროდი, ისეთი სიყვარული დაგვახვედრეს.
სიმღერასთან დაკავშირებით, განსაკუთრებული მადლობა უნდა ვუთხრა ბესიკ შპეტიშვილს და ირინა სანიკიძეს, რომელიც ტექსტის ავტორი გახლავთ. ასეთი ფანტასტიკური ტექსტი არ ვიცი…
ირაკლი: ჩვენთან სულ არის ხოლმე რაღაც ახლის ძიება. ერთ მშვენიერ დღეს კი, ხათუნა ჟორდანია მირეკავს, მიგდებს რაღაც სიმღერას და მეუბნება, აბა, გადახედე და მოუსმინეო. როგორც კი სიმღერის ინტრო წავიდა, სანამ ვოკალი შევიდოდა, უკვე მივხვდი, რომ ეს სიმღერა მართლა ძალიან დიდ მოწონებას დაიმსახურებდა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ სიმღერას ძალიან შეიყვარებენ.
ზურა: სიმღერა გიგა კუხიანიძის სტუდიაში ჩაიწერა. მადლობა კობა მესხიას, რომელმაც ჩაგვწერა.
ირაკლი: მასტერინგი ალეკო ბერძენიშვილს ეკუთვნის. მუსიკის ავტორი ბააზ ოსიპოვია.
ზურა: კლიპი ლევან გაბაძემ გადაიღო, რისთვისაც მადლობა მას. ძალიან თბილი, ლამაზი კლიპი გამოვიდა.
ქუჩის ბიჭები, ნინი ქარსელაძე & მარიკა თხელიძე – სულ ერთად ვიქნებით
გადაცემის აუდიოჩანაწერი