რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მსახიობი და ტელეწამყვანი, რუსკა მაყაშვილი, რომელმაც ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის, რთულ პერიოდსა და მისი ოჯახის ბულინგზე…
„ყოველდღე ახალი ინფორმაცია მოდის ჩემს შესახებ, ტროლები გიჟებივით მუშაობენ. როდესაც „რუსთავი 2-დან“ წამოვედი, ეგრევე საგიჟეთი დაიწყო. ახლა, როდესაც მეორე ტელევიზიიდან წამოვედი, ისევ იგივეა. ხან მამუკა ხაზარაძე მასპონსორებს, ხან ანორექსია მაქვს, ხან კაზინოში დავდივარ. ხან ძალადობის მსხვერპლი ვარ და ხან ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ. წერონ და იკითხონ. არც შეყვარებული ვარ, მათ შორის…“, აღნიშნავს რუსკა „ფორტუნა პლუსთან“ ინტერვიუში.
ბავშვობით დავიწყოთ, როგორც ვიცი, საოცრად ხმაურიანი ოჯახი გაქვს…
დიახ, ასეა, თავიდან ვიყავით მე და ნინუცა, შემდეგ კი ილია და კატო გაჩნდნენ, ისინი კიდევ უფრო ხმაურიანები არიან. ბავშვობა ძალიან მენატრება. დედა სულ სპექტაკლებზე გვატარებდა ხოლმე. 5 წლის ვიყავი, როცა დედაჩემი და მამაჩემი დაშორდნენ, თუმცა პერიოდულად მამას ვხვდებოდი. დედაჩემის მადლიერი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მკაცრი იყო, ყველაფერს ფანტასტიკურად ართმევდა თავს. მეც და ჩემი დაც საკმაოდ გიჟი ბავშვები ვიყავით. ჩვენს ოჯახში კარი მუდამ ღია იყო. ეს ძალიან სასიამოვნო გრძნობაა, როცა ვისაც უნდა შემოდის, მღერის, ცეკვავს. აი, ამას ჰქვია ნამდვილი სტუმართმოყვარეობა. მეც ძალიან მიყვარს ხმაური, მაგრამ ახლა უკვე, ზოგჯერ სიმშვიდე და მარტო ყოფნაც მინდება ხოლმე.
რატომ ხარ დედის გვარზე?
იმ პერიოდში მამასთან კავშირი არ მქონდა. ახლა გვაქვს ურთიერთობა, მაგრამ მე ყოველთვის ვფიქრობ, რომ ვინც გაჭმევს, ვინც გზრდის, მისი გვარი უნდა ატარო. ჩემს ბიძას მამად აღვიქვამ. მამასთან ურთიერთობა მაშინ აღდგა, როცა ნინუცას ნოდარიკო გაუჩნდა, თუმცა ნინუცას მამასთან ახლაც არ აქვს კავშირი.
ვინ არის ყველაზე მეტად კრიტიკული შენ მიმართ?
დედა! ის საშინელებებს მეუბნება ხოლმე, სხვამ რომ სულ წითელი ხალიჩა დამიფინოს და თამარა მეტყვის, რომ ეს იყო ცუდი, ეს არის ცუდი. მე კი არაფერი მომწონს ხოლმე.
შენ და შენი და ჩხუბობთ ხოლმე?
მე და ნინუცას საშინელი კონფლიქტები გვქონდა ხოლმე. საერთოდაც, ჩვენ ძალიან განსხვავდებით ერთმანეთისგან, თუმცა ბოლო პერიოდში აღარ, ძალიან დავმეგობრდით.
იყო გარკვეული კრიტიკა შენ მიმართ…
პოლიტიკა საშინელი რამაა, ახლა ქვეყანას ურთულესი პერიოდი უდგას, ორად გახლეჩილი საზოგადოება, საშინელი კადრები… და მე ეს არ მომწონს, მხარში ვუდგავარ მათ. ძალიან ვღელავ ჩემს მეგობრებზე, ანდროზე, იმ ადამიანებზე, ვინც უსაფუძვლოდ ზის ციხეში. თავისუფლება ყველა უკანონოდ დაჭერილ პატიმარს.
როდესაც დედას, თამარ მაყაშვილს ჰქონდა რთული პერიოდი და პირდაპირ ეთერში იხუმრა, მერე კი მის მიმართ ბულინგი წამოვიდა, შვილები როგორ აღიქვამდით ამას?
გული ეტკინა კი არა, დედაჩემი კინაღამ მოკვდა იმ პერიოდში… ყველაფერი დალაგდა მერე, მაგრამ ქალმა უბრალოდ იხუმრა. ამ ქვეყანაში ხუმრობაც აღარ შეიძლება. ეს აგორებული თემა იყო. თამრიკო კინაღამ მოგვიკვდა და გავაცოცხლეთ. ერთ წამში ვთელავთ ერთმანეთს, მიუხედავად იმისა, რომ გვერდში დგომაც ვიცით, გათელვაში ბადალი არ გვაქვს. ჩემზე ჭორების აგორებაც… ეს თუ აბედნიერებთ, კი ბატონო…
როგორ ფიქრობ, ისე რთულია რუსკა მაყაშვილის მეუღლეობა?
გონზე არ ვარ. ამაზე არ გვისაუბრია. ეს ტაბუდადებული თემაა. არ ვლაპარაკობ პირად ცხოვრებაზე. ვისთვის სირთულეა, ვისთვის – არა, გააჩნია ადამიანს…