ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair, რომელმაც ქართულ ავიაბაზარზე ოპერირება ცოტა ხნის წინ დაიწყო, ქუთაისზე კიდევ ერთ სტატიას აქვეყნებს. სტატიაში ავიაკომპანია საკუთარ მგზავრებს ქუთაისში ჩაფრენის შემდეგ 5 მნიშვნელოვანი ადგილის მონახულებას ურჩევს. ამ ადგილებს შორის არის: ბაგრატის ტაძარი, სათაფლია, გელათის მონასტერი, პრომეთეს მღვიმე, ქუთაისის ცენტრალური ბაზარი.
აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია თითოეულ ამ ადგილს აღწერს და მოგზაურებს საქართველოს ამ უძველესი ქალაქის ნახვას აუცილებლად ურჩევს. Ryanair-ის სტატიაში ისიც წერია, რომ ქუთაისში ტურისტებს დახვდებათ ქალაქის ძველი არქიტექტურა, შესანიშნავი ტაძრები და ქვაფენილები, რომლებიც მათ წარსულში ამოგზაურებთ.
აღმოაჩინე საქართველო Ryanair-თან ერთად - ცნობილი ავიაკომპანია ვიდეორგოლს გვიძღვნის
Ryanair საკუთარ მგზავრებს საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდებს
ბაგრატის ტაძარი
ეს ტაძარი ქუთაისის ერთ-ერთი საუკეთესო ღირსშესანიშნაობაა. აგებულია XI საუკუნეში და წარმოადგენს შუასაუკუნეების გოთიკური არქიტექტურის ძეგლს. ბაგრატის ტაძარი ქართული შუასაუკუნეების საეკლესიო არქიტექტურაში საეტაპო მნიშვნელობის ტაძარია, როგორც თავისი არქიტექტურული გადაწყვეტით, ასევე ისტორიული და სიმბოლური მნიშვნელობითაც.
სათაფლია
ქუთაისში ვიზიტისას აუცილებლად გაატარეთ ერთი დღე სათაფლიას ნაკრძალში და ისუნთქეთ ქართული სუფთა ჰაერი. ნაკრძალის ტერიტორია მდიდარია კარსტრული მღვიმეებით. აქვე აღმოჩენილია მტაცებელი და ბალახიჭამია დინოზავრების 200-მდე ნაკვალევი, რომლებიც მერგელოვან კირქვებზეა აღბეჭდილი. ნაკრძალში არის ბიოსპელეოლოგიური მუზეუმიც.
გელათის მონასტერი
ქართული ხუროთმოძღვრული ანსამბლი, შუა საუკუნეების საქართველოს უმნიშვნელოვანესი ცენტრი. აგებულია ქ. ქუთაისის ჩრდილო-აღმოსავლეთით 11 კმ-ზე, მდინარე წყალწითელის ხეობაში. დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობით. შემოზღუდულია გალავნით. ანსამბლში შედის სხვადასხვა დროინდელი შენობები. შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.
პრომეთეს მღვიმე
პრომეთეს მღვიმის ბუნების ძეგლი იმერეთის რეგიონში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მისი სიგრძე 1,8 კმ-ია და მიწის ზედაპირიდან 40 მ-ის სიღრმეშია წარმოქმნილი. ეს მიწისქვეშა ადგილი აღმოაჩინეს 1984 წელს და არის საქართველოს ბუნებრივი საოცრება. მღვიმეში შეხვდებით მიწისქვეშა ტბებს, სტალაქტიტებს, სტალაგმიტებს… მღვიმის სხვადასხვა დარბაზში მოსახვედრად ბეტონის ბილიკს მიუყვებით და თან, კლასიკური მუსიკის მოსმენის შესაძლებლობაც გაქვთ.
ქუთაისის ცენტრალური ბაზარი
ეს ბაზარი იდეალური ადგილია აქაური კულტურის სრულყოფილად გასაცნობად და ქუთაისის ყოველდღიური ცხოვრების შესაგრძნობად. მწვანილები, ხორცი, ჩურჩხელა, ლობიო, ქართული ღვინო, ლამაზად შეფუთული სანელებლები – ყველაფერი ერთ სივრცეშია თავმოყრილი და თქვენ აქ შეძლებთ, ნამდვილი ქართული არომატები შეიგრძნოთ.
შეგახსენებთ, „რაინეარმა“ საქართველოდან ფრენები მიმდინარე წლის 6 ნოემბრიდან დაიწყო. საწყის ეტაპზე Ryanair თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტიდან კვირაში 4 სიხშირით მილანში დაფრინავს, ხოლო ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით კვირაში 2-2 სიხშირით ასრულებს რეისებს. საბოლოო ჯამში კი „რაინეარი“ ჩვენი ქვეყნიდან 12 ევროპულ ქალაქში ფრენას გეგმავს.