საბერძნეთმა პირველმა ევროპაში, 15 წლამდე ბავშვებს სოც-ქსელების გამოყენება აუკრძალა. ხოლო მოზარდები, რომლებსაც 18 წელი ჯერ არ შესრულებიათ, ამიერიდან ვეღარ შეძლებენ ტოტალიზატორების საიტებზე შესვლას, ასევე იმ გვერდების მონახულებას სადაც ალკოჰოლი ან თამბაქო იყიდება.
როგორც საბერძნეთის მთავრობაში აღნიშნავენ, ეს აკრძალვა ბავშვების მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობის დასაცავადაა საჭირო, რამეთუ ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში როცა ინტერნეტის უკონტროლო მოხმარება სერიოზულ რისკებს ქმნის.
ხელისუფლებას მიზნის მიღწევაში აპლიკაცია Kids Wallet დაეხმარება. პროგრამა ბავშვის ასაკის შესახებ ინფორმაციას გამოიყენებს და აკრძალულ პლატფორმებზე წვდომას შეზღუდავს. შესაბამისად, 15 წლამდე ბავშვებს Tiktok-ზე, Instagram-ზე თუ Facebook-ზე შესვლა აღარ შეეძლებათ, მაშინაც კი როცა ისინი ამას ავტორიზაციის გარეშე ცდიან. იგივე ალგორითმი იმოქმედებს აზარტული თამაშების საიტებზე, თამბაქოსა და ალკოჰოლის მაღაზიებში, ასევე გაცნობის აპლიკაციებშიც.
აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია მრავალი კვლევის საფუძველზე, რომელიც აჩვენებს, რომ სოციალური ქსელების გადამეტებული გამოყენება ბავშვების განვითარებაზე სერიოზულ გავლენას ახდენს. „სქროლინგი“ – ანუ მოკლე ვიდეოებისა და პოსტების უწყვეტად თვალიერება – იწვევს ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითებას, მეხსიერების პრობლემებს, შფოთვას, დეპრესიას, პროდუქტიულობის შემცირებას და სოციალურ იზოლაციას.
მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ სხვადასხვა პლატფორმების ალგორითმი დამოკიდებულებას აჩენს – ყოველი ახალი ვიდეო ტვინში დოფამინის გამოყოფას იწვევს. შედეგად, ჩნდება მუდმივი მოთხოვნილება მეტი კონტენტის მოხმარებისკენ, რაც ხშირად ძილსა და ბავშვების ყოველდღიურ ცხოვრებაზე უარყოფითად აისახება.
მსგავსს აკრძალვას ახლა ბევრ ევროპულ ქვეყანაში განიხილავენ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებები ჯერ არ მიუღიათ. მიუხედავად ამისა, საფრანგეთში 15 წლამდე ასაკის ბავშვებმა სოციალური ქსელის ანგარიშის შესაქმნელად მშობლის თანხმობა უნდა მიიღონ. გარდა ამისა, მთავრობა განიხილავს „ციფრული კომენდანტის საათის“ შემოღებას – 22:00 საათიდან 08:00 საათამდე, როცა 18 წლამდე მოზარდებს სოციალური ქსელების გამოყენება აეკრძალებათ.