ჩვენს ქვეყანას და ხალხს სჭირდება მშვიდობა და სტაბილურობა, რაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და კეთილდღეობის აუცილებელი პირობაა. საჭიროა კიდევ უფრო მეტი აქტიურობა, რათა იმ ძალებს, რომელიც ქვეყანას არეულობით ემუქრება, არც ერთ მუნიციპალიტეტში გამარჯვების მცირეოდენი შანსიც არ დავუტოვოთ, – ამის შესახებ განცხადება “ქართული ოცნების“ ბრიფინგზე, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა მარიამ ქვრივიშვილმა გააკეთა.
როგორც ქვრივიშვილმა აღნიშნა, ამომრჩეველი არჩევანს არეულობის მუქარასა და მშვიდობას შორის აკეთებს.
“დღეს არის მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით 20 მუნიციპალიტეტისთვის, სადაც ტარდება არჩევნების მეორე ტური.
12 საათის მონაცემებით, მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში ფიქსირდება მაღალი აქტივობა. თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და თელავში მეორე ტურის აქტივობამ პირველი ტურის აქტივობასაც კი გადააჭარბა, რაც უპრეცედენტო მოვლენაა.
მადლობა ვუხდით ამომრჩევლებს აქტიურობისა და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოვლენისთვის. ჩვენს ქვეყანას და ხალხს სჭირდება მშვიდობა და სტაბილურობა, რაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და კეთილდღეობის აუცილებელი პირობაა. დარწმუნებული ვართ, მოქალაქეები ოცივე მუნიციპალიტეტში, სწორედ ამ არჩევანს გააკეთებენ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამომრჩეველს მაქსიმალური აქტიურობისკენ. თითოეული ხმა გადამწყვეტია, თითოეული ხმა განსაზღვრავს ქვეყნისა და თითოეული მუნიციპალიტეტის სამომავლო განვითარებას“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.