საგარეჯოში შეიარაღებული თავდასხმისას დაღუპულთა ოჯახები 5 000-ლარიან დახმარებას მიიღებენ, – აღნიშნულის შესახებ საგარეჯოს მერმა ავთანდილ გულიკაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა.
ამასთან, როგორც ავთანდილ გულიკაშვილმა აღნიშნა, ტრაგედიის დროს დაშავებულ ხუთ ადამიანს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პარალელურად, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერია თანადაფინანსებით სარეაბილიტაციო და სამედიცინო მკურნალობის ხარჯებს აუნაზღაურებს.
ცნობისათვის, 20 იანვრის ღამეს, საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია, სადაც ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი გახსნა.
გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა. განახორციელა.
მათივე ცნობით, აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.
ამავე თემაზე:
ცნობილია საგარეჯოში ყოფილი სამხედროს მიერ მოკლული ოთხი ახალგაზრდის ვინაობა