ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში დასაქმებულების პირობების გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარე წლის აპრილის თვიდან კოლექტიური შპს ,,ჯორჯიან მანგანეზი“-ს ადმინისტრაციასა და პროფესიულ კავშირს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, რომელიც წარმატებით დასრულდა.
ინფორმაციას პროფკავშირები ავრცელებს.
მოლაპარაკებების შედეგად მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას და მიღებულია შემდეგი გადაწყვეტილებები:
– 2019 წლის 1-ლი ივნისიდან შრომის ანაზღაურების ზრდა 15%-ით,
– 2019 წლის 1-ლი ივნისიდან ღამით ნამუშევარი საათების ანაზღაურების ზრდა 50%-ით,
– დასაქმებულების მომსახურე ძველი ავტობუსების ახლებით ჩანაცვლება,
– ავტობუსების მოძრაობის გრაფიკში ცვლილებების შეტანა დასაქმებულთა სურვილებისა და წინადადებების გათვალისწინებით,
– საწარმოს სავაჭრო ობიექტში ახალი ოპერატორი კომპანიის შემოყვანა, რის შედეგადაც გაუმჯობესდა პროდუქტების ხარისხი და დაწესდა გონივრული ფასები,
– კონკრეტულ სამუშაო პოზიციები, რომლებზეც ფიქსირდებოდა სამუშაო ძალის ნაკლებობა, შეივსო ახალი კადრებით,
– მე-4 საამქროს დასაქმებულებისთვის მოწესრიგდა ნორმადარის მიერ ხელფასთან დაკავშირებული საკითხებით ინფორმირების პროცესი,
– ერთერთი საწარმო უბნის (მასების უბანი) დასაქმებულთა სამუშაო გრაფიკში (დასაქმებულთა სურვილის გათვალისწინებით) შევიდა გარკვეული ცვლილებები,
– დასაქმებულთა და მათი ოჯახის წევრთა სურამის დასასვენებელი საგზურებით უზრუნველყოფა კომპანიისა და პროფკავშირის თანაორგანიზებით და თანადაფინანსებით,
– სადაზღვევო კომპანიასთან მოლაპარაკებების წამოწყება სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით.
“ყველა ზემოთჩამოთვლილი საკითხი, რომლებზეც ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად კომპანიამ უკვე მიიღო დადებითი გადაწყვეტილება, პროფესიული კავშირის წარმომედგენლების მიერ, შრომით კოლექტივთან ინტენსიური შეხვედრების შედეგად არის იდენტიფიცირებული და მოლაპარაკებების დღის წესრიგში წინადადებების სახით ფორმირებული.
სოციალური დიალოგის კიდევ უფრო გაღრმავებისა და ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნის მიზნით მხარეები მოლაპარაკებების გაგძელების სრულ მზაობას აცხადებენ,” – აცხადებენ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაში.