ექიმი ფიქრია შიომღვდლიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ კორონავირუსის დადასტურების შემდეგ ადამიანმა საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავრა იმის გამო, რომ ვირუსი შვილებისთვის არ გადაედო.
„დღეს ერთი ადამიანი მეუბნება: “რაიონში ვიყავი, კოვიდი დამიდასტურდა. შვილებმა დამირეკეს, ჩამოვალთ ახლავე, წამოგიყვანთო და გავიგიჟე თავი, მანქანაში არ ჩაგიჯდებით, არაფერი გადაგდოთ-თქო.
ხოდა დილით წამოვედი “მარშუტკით” , მარტო ვიყავი მთელი ეს პერიოდი სახლში, ისე მეშინოდა…”
დღეს ათასჯერ გამახსენდა ეს მონაყოლი და ათასჯერვე გული შემიკუმშა ფაქტმა, რომ საკუთარი შვილების გადარჩენის გამო, რამდენი სხვისი შვილი, შვილიშვილი და ა.შ. გაიმეტა ადამიანმა, რომელსაც პატივს ვცემდი…
მაპატიეთ ყველამ, მაგრამ კარგი დედობის გამო, ცუდ ადამიანებად ნუ გადაიქცევით“,- წერს ფიქრია შიომღვდლიშვილი.
ცნობისთვის, ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსით ორჯერ მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე წინა კვირაში. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გუშინ, 12 ივლისს, გავრცელებული ოფიციალური მონაცემებით, 4 ივლისიდან 10 ივლისის პერიოდში, ვირუსი დაუდასტურდა 5154 ადამიანს, წინა კვირაში – 27 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით კი – 2570 ადამიანს.