LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანდრო ბაზაძე: „მსურდა, ჩემი ხალხის თანდასწრებით მომეპოვებინა ეს ტიტული და ჩემი ქვეყნის ჰიმნი ამეჟღერებინა. დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩემი გამარჯვების სიხარული გაიზიარა…“

111
page

ქართველმა მოფარიკავემ, სანდრო ბაზაძემ ქართული ფარიკაობისა და ქართული სპორტის ისტორია დაწერა, – ოლიმპიური თამაშების შემდეგ, პირველივე ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა.

ცნობილი სპორტსმენი „ფორტუნას დილის“ სტუმარი გახლდათ და გამარჯვებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

სანდრო ბაზაძე:

„მსოფლიო თასი ძალიან მაღალი დონის ტურნირია, სადაც 200-მდე უძლიერესი მოფარიკავე გამოდის. ამ ეტაპამდე მოსვლა ადვილი არაა. ამ გამარჯვებას დიდი შრომა უძღვოდა წინ. ტურნირის მასპინძლობის გამო დამატებითი ენერგია და მოტივაცია მქონდა. მსურდა, ჩემი ხალხის თანდასწრებით მომეპოვებინა ეს ტიტული და ჩემი ქვეყნის ჰიმნი ამეჟღერებინა. დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩემი გამარჯვების სიხარული გაიზიარა. ვეცდები, ქართველი ხალხი კიდევ არაერთხელ გავახარო. მთავარი სტიმული ჩემთვის არის ის, რომ მუდმივად და ყველა შეჯიბრზე გამარჯვებისთვის ვიბრძვი და მხოლოდ პირველობაა ჩემი მიზანი. ყველას ვურჩევდი, დაისახონ მიზანი. მთავარია, სწორედ დაისახო მიზანი და დიდი სურვილი გქონდეს და წარმატებას აუცილებლად მიაღწევ.

ტოკიოს ოლიმპიადაზე მაგრად ვიყავი მომზადებული და შემეძლო, ოქრო მომეპოვებინა, მაგრამ სამწუხაროდ, არის ასეთი ადამიანი – მსაჯი, რომელსაც შეუძლია, ერთი შეცდომით შენს მთელ შრომას ხაზი გადაუსვას. ეს ფსიქოლოგიურად უდიდესი წნეხია, როცა ერთ ნაბიჯში ხარ მიზანთან და მსაჯის შეცდომის გამო მარცხდები. თუმცა ამან დამატებითი მოტივაცია მომცა, რომ ყველას დავუმტკიცო ჩემი ძალა და მიხარია, რომ ოლიმპიადის შემდეგ პირველივე ტურნირზე ოქროს მედალი მოვიპოვე. გაჩერებას არ ვაპირებ. აქტიურ სპორტში ვარ და წინ კიდევ დიდი გამარჯვებებია. მე მაინც გავხდები ოლიმპიური ჩემპიონი…“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები