დრეიკმა მომავალი მუსიკალური პროექტი კრეატიული პრომო კამპანიით დააანონსა.
არსებული ინფორმაციით, რეპერი მეცხრე სტუდიურ ალბომს, რომლის სახელწოდება Iceman იქნება, წლის ბლომდე გამოუშვებს.
აღსანიშნავია, რომ დისკის გამოსვლის ოფიციალური თარიღის გასამხელად, ჰიპ ჰოპ არტისტმა არაორდინალურ გზას მიმართა.
20 აპრილს, მან ტორონტოს ცენტრში, კერძოდ ბონდისა და დანდასის ქუჩების გადაკვეთაზე, გიგანტური ყინულის ლოდების კონსტრუქცია განათავსა. მისი თქმით, ბლოკების შიგნით ლონგფლეის რელიზის თარიღია დამალული.
დრეიკმა ლოკაციის კოორდინატები წარწერით – „გამოშვების თარიღი შიგნითაა”, ,,ინსტაგრამზე” გამოაქვეყნა, რამაც მის მსმენელში დიდი რეზონანსი გამოიწვია.
გეგმის თანახმად, ყინული ბუნებრივად უნდა გალღვეს, რათა მასში ჩაყინული ალბომის გამოსვლის თარიღი გამოჩნდეს.
იმ ფონზე, როცა კანადაში ამჟამად საკმაოდ ცივა, პროგნოზირებენ, რომ სრულ გალღობასა და თარიღის გამოჩენას შესაძლოა რამდენიმე დღე დასჭირდეს, სწორედ ამიტომ რეპერის ფანებმა ამ პროცესის დაჩქარება საკუთარი სახსრებით დაიწყეს.
ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ისინი სანთებელებით, ჩაქუჩებით, თმის საშრობებითა და სხვადასხვა საშუალებით ცდილობენ ყინულის გალღობას, რათა თარიღი მალე გაიგონ.
საგულისხმოა, რომ Iceman იქნება დრეიკის პირველი სოლო ალბომი 2023 წლის For All the Dogs-ის შემდეგ. ამასთან, ამ ალბომს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ბევრი მიიჩნევს, რომ მასში მოვისმენთ პასუხს კენდრიკ ლამართან ბოლოდროინდელ ხმაურიან დაპირისპირებაზე.