LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო მუდამ იყო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანაცხოვრების მომხრე და ეს კურსი მომავალშიც გაგრძელდება – პრემიერი

65
185070018-1993211820816712-6312236809026333015-n

საქართველო მუდამ იყო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობისა და თანაცხოვრების მომხრე და ეს კურსი მომავალშიც გაგრძელდება,განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ერევანში ოფიციალური ვიზიტისას, მოქმედ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთობლივ ბრიფინგზე.

მისივე განცხადებით, სომხეთის სტაბილურობა და დემოკრატიული განვითარება უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და მთელი რეგიონისთვის.

„ჩემთვის სასიხარულოა მორიგი სტუმრობა სომხეთის რესპუბლიკაში. ჩვენს ქვეყნებს აკავშირებთ მრავალსაუკუნოვანი ისტორიულ-მეგობრული ურთიერთობა. დარწმუნებული ვარ, რომ სამომავლო თანამშრომლობაც სწორედ ამ სულისკვეთებით გაგრძელდება.

საქართველო და სომხეთი გამორჩეულია დიდი ისტორიით, თვითმყოფადი კულტურით და საინტერესო ტრადიციებით. სწორედ ამ ფასეულობებზე უნდა აშენდეს ჩვენი ქვეყნების მომავალიც, რომელსაც ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები, დემოკრატია, ღია და გამჭირვალე მმართველობა, ეკონომიკური პროგრესი და ინოვაციები განამტკიცებს. ვთანხმდებით, რომ ეს ყველაფერი მიიღწევა მხოლოდ მშვიდობის და რეგიონული სტაბილურობის პირობებში.

ერთი მხრივ, „კოვიდ-19“-ით გამოწვეულმა პანდემიამ და მეორე მხრივ, ომმა ყარაბაღში, მნიშვნელოვანი სირთულეების წინაშე დააყენა მთელი რეგიონი. ვფიქრობთ, რომ მშვიდობას, მოლაპარაკებებს, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს.

საქართველო მუდამ იყო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობისა და თანაცხოვრების მომხრე და ეს კურსი მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ ვართ მზად, რომ ხელი შევუწყოთ რეგიონული დიალოგის წარმართვას ისეთ საკითხებში, როგორიცაა ეკონომიკა, ვაჭრობა, კულტურა, სხვა ჰუმანიტარული საკითხები. სწორედ სტაბილურობის, მშვიდობის, დემოკრატიული ფასეულობების განმტკიცების მიზნით აირჩია ქართველმა ხალხმა ევროპული და ევროატლანტიკური გზა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობის ყველა ძირითადი მიმართულება.

„ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ თანამშრომლობის ყველა ძირითადი მიმართულება. ხაზი გავუსვით ჩვენს მისწრაფებას, გვქონდეს ინტენსიური პოლიტიკური დიალოგი. შევეხეთ არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს, ახალ პროექტებს. ასევე, ვისაუბრეთ თანამშრომლობაზე ისეთ მიმართულებებში, როგორებიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ტურიზმი, კულტურა, განათლება, ინოვაციები და უკვე არსებული ინტენსიური ურთიერთობების მიუხედავად, ჯერ კიდევ  არის დიდი პოტენციალი არაერთი მიმართულებით.

სომხეთის სტაბილურობა და დემოკრატიული განვითარება უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და მთელი რეგიონისთვის. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ღიად და გამჭვირვალედ ჩატარდება და სომეხი ხალხი კიდევ ერთხელ აჩვენებს მსოფლიოს დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულებას.

ჩვენ ასევე გამოვხატეთ მზადყოფნა რეგულარული შეხვედრების გაგრძელებაზე, მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკის შენარჩუნებაზე და ორი ქვეყნის დარგობრივ უწყებებს შორის კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის ხელშეწყობაზე.

ბატონო პრემიერ-მინისტრო, მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობას გადაგიხადოთ მასპინძლობისთვის და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები