საქართველო მზად არის კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმაროს სომხეთს, სადაც ვირუსის გავრცელების და გარდაცვალების მაჩვენებელი პიკს აღწევს. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
„დღეს, საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ინფორმაცია გაცვალეს „კოვიდ-19“-ის პანდემიის მხრივ ქვეყნებში არსებულ მდგომარეობაზე. დავით ზალკალიანმა სომხეთში „კოვიდ-19“-ის პანდემიის შედეგად შექმნილი ვითარების გამო სოლიდარობა გამოუცხადა სომხურ მხარესა და საქართველოს მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ გამოთქვა დახმარების აღმოჩენის მზაობა“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.
დღეს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ქვეყანა ვერ უმკლავდება ეპიდემიას.
„ცუდი ამბავი გვაქვს, სიტუაცია უარესდება, 697 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეს იმას ნიშნავს, რომ გვყავს ადამიანები, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ, მაგრამ ჩვენ მათი დროულად ჰოსპიტალიზაციის საშუალება არ გვაქვს,“ – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
