„კალაძე დღეს არ არის ფეხბურთელი. ის არის ვეტერანი ფეხბურთელი, მაგრამ მოქმედი ქალაქის მერი და „ქართული ოცნების“, აი, ამ „რუსული პარტიის“ გენერალური მდივანი და ნუ ინტრიგანობს, ნუ შემოაქვს დაპირისპირება სპორტულ სამყაროსა და პრეზიდენტს შორის. არავითარი ვალდებულება არ აქვს პრეზიდენტს, ვინმეს მითითებით გამოსცეს ბრძანებები და დააჯილდოოს ორდენით“- ამის შესახებ ოპოზიციონარმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
მან კომენტარი გააკეთა ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრების დაჯილდოებასთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო დღეებში განხილვის საგანი გახდა. გოცირიძის განმარტებით, ეს არის პრეზიდენტის პერსონალური პრეროგატივა და არავითარი სიების წარდგენა მთავრობისგან საჭირო არ არის.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, პრეზიდენტს არავითარი ვალდებულება არ აქვს, ორდენით დაჯილდოებასთან დაკავშირებით ბრძანებები ვინმეს მითითებით გამოსცეს:
„კალაძე დღეს არ არის ფეხბურთელი. ის არის ვეტერანი ფეხბურთელი, მაგრამ მოქმედი ქალაქის მერი და „ქართული ოცნების“, აი, ამ „რუსული პარტიის“ გენერალური მდივანი და ნუ ინტრიგანობს, ნუ შემოაქვს დაპირისპირება სპორტულ სამყაროსა და პრეზიდენტს შორის. არავითარი ვალდებულება არ აქვს პრეზიდენტს, ვინმეს მითითებით გამოსცეს ბრძანებები და დააჯილდოოს ორდენით. ეს არის მისი პერსონალური პრეროგატივა და არავითარი სიების წარდგენა მთავრობისგან საჭირო არ არის.
ყოველდღიურად რომ აკომენტარებენ ამ ფეხბურთზე მთავრობის წევრები, თითქოსდა, ისინი თამაშობდნენ მოედანზე და თითქოსდა, მათი დამსახურებაა ეს. კობახიძე რომ ჩავიდა და დაღვრემილი სახეებით რომ ისხდნენ ჩვენი ფეხბურთელები, რატომ უშლის ხელს სამწვრთნელო პროცესს? რა საჭიროა გუნდთან ჩასვლა, რომელიც უნდა იყოს თამაშზე ფოკუსირებული და არა იმაზე, თუ რა კომენტარი მისცეს ამა თუ იმ ტელევიზიას.
საქართველოს მთავრობა იქცევა როგორც პარაზიტი ბუზი. მაგალითად, როდესაც ხარი მუშაობა, ხნავს, ოფლიანი, დაღლილი მოდის სახლში, შემოაჯდება რქაზე ბუზი და ამაყად რომ განაცხადებს, “ოჰ ერთად ვშრომობდითო”. ამ მშრომელი ხარის რქაზე წამომჯდარი ბუზია მთავრობა, რომელიც სპეკულირებს ჩვენი მართლაც მაგარი წარმატებით. შეეშვით ამ ინტრიგების ჩაგდებას სპორტში, მით უმეტეს, ახლა როდესაც მნიშვნელოვანი თამაში ელის ჩვენს გუნდს“ – განაცხადა გოცირიძემ.
შეგახსენებთ, ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, პრეზიდენტის განკარგულების მიხედვით, ღირსების ორდენზე პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი თავდაპირველი სია, სადაც „ეროვნული გუნდის სრული შემადგენლობა, სამწვრთნელო შტაბი, ადმინისტრაციული პერსონალი და ფეხბურთის ფედერაციის მენეჯმენტი იყო შეყვანილი, გაუგებარი მიზეზით, არასრული შემადგენლობით იყო გამოქვეყნებული”.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კი განაცხადა, რომ დეზინფორმაციაა, თითქოს პრეზიდენტი უარს აცხადებს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრებისა და ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლების დაჯილდოებაზე.
ადმინისტრაციის განცხადებით, პრეზიდენტმა ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრების დაჯილდოების აქტი მაისში გამოსცა, ჯილდოების გადაცემის ცერემონია კი სექტემბერში გაიმართება.
აღნიშნულს შეფასებები მოჰყვა მმართველი გუნდის მხრიდანაც. თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტის განკარგულებაში, რომელიც ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრების დაჯილოდებას უკავშირდება, “უამრავი ადამიანია გამოტოვებული და ეროვნული ნაკრების გადასაწყვეტია რამდენად უღირთ ასეთი ორდენები”.