საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდის (AGECF) მმართველი საბჭოს თავმჯდომარე გახდა.
აღსანიშნავია, რომ Foreign Policy და ახლად შექმნილი ამერიკულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდი (AGECF), რომლის მმართველი საბჭოს თავმჯდომარეა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, დღეს ერთობლივ საერთაშორისო ღონისძიებას გამართავენ. ღონისძიება სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” გაიმართება. შეხვედრას დაესწრებიან დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ცნობისთვის, ამერიკულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდი 2021 წლის აგვისტოში დაფუძნდა და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) რეგიონული ოფისის გახსნას თბილისში და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების (FTA) გაფორმებას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის.
ფონდის მმართველი საბჭოს/გამგეობის შემადგენლობაში არიან:
მეთ კენედი – Converge დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი; მუშაობდა პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციაში ვაჭრობის, ფინანსთა დეპარტამენტებში და თეთრ სახლში;
სტუარტ აკერლი – ადვოკატი ვაშინგტონში და Statera Capital-ის დირექტორი, იყო ახლად შექმნილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) პირველი ხელმძღვანელი და აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობის აპარატის ხელმძღვანელის მოადგილე და უფროსი მრჩეველი;
ქალებ ჩარლზ მაკკარი – ამერიკის საგარეო პოლიტიკის ექსპერტი. იგი მუშაობდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ.
დიმიტრი ცქიტიშვილი – საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, საგარეო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი;
ლევან ავალიშვილი- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) თანადამფუძნებელი და პროგრამების ხელმძღვანელი;
ირინა ლორთქიფანიძე – აქვს მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება კანონის უზენაესობის, სასამართლო და იურიდიული პროფესიის რეფორმების, ადამიანის და ქალთა უფლებების საკითხებზე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, ევროკავშირის და გაეროს პროექტების ფარგლებში.