LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 800 ათასს გადააჭარბა

90
პანდემია

2021 წლის 18 ნოემბერს ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ  800 293-ი შეადგინა.

stopcov.ge-ის მიხედვით, ქვეყანაში დღეის მდგომარეობით, კორონავირუსის 50 ათასზე მეტი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

პანდემიამ საქართველოში 11 289 მოქალაქე იმსხვერპლა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძრვანელმა ამირან გამყრელიძემ და ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო ბრიფინგი საღამოს 21:00 საათზე ჩანიშნეს.

ყველა მიხვდა, რომ ის, რაც მთელს მსოფლიოს უკვე დიდ პრობლემებს უქმნიდა, უკვე საქართველოშიც დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ვირუსი საქართველოს 50 წლამდე მამაკაცს დაუდგინდა. ინფიცირებული მამაკაცი ერთი კვირის განმავლობაში ირანში მოგზაურობდა, საქართველოში კი სამარშრუტო ტაქსით ბრუნდებოდა.

მაშინ ჯერ კიდევ ბევრს ჰქონდა იმედი, რომ მსოფლიო პანდემიას ძალიან მალე დაამარცხებდა. სამწუხაროდ ეს ჯერ კიდევ გადაუწყვეტელი პრობლემაა.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

ოფიციალური ინფორმაციით, ჩინეთში, როგორც მაშინ მოიხსენიებდნენ, პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები