ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2018 წლის იანვარ–ივნისში გაცემულია 4941 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1,4 პროცენტით ნაკლები) 2995.9 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4,8 პროცენტით მეტი).
გაცემული ნებართვების 72,4 პროცენტი მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. კერძოდ, 46.8 პროცენტი ქ. თბილისზე, 14.3 პროცენტი – აჭარის ა.რ.-ზე, ხოლო 11.3 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე.
აღსანიშნავია, რომ 2018 წლის იანვარ–ივნისში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა – ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილითაა წარმოდგენილი მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. კერძოდ, 29.3 პროცენტი ქ. თბილისზე, 16.3 პროცენტი – კახეთის რეგიონზე, ხოლო 11.0 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე.
2018 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში მიღებულია 928.9 ათასი კვ.მ. ფართობის 1163 ობიექტი. 2017 წლის შესაბამის პერიოდში კი ექსპლუატაციაში შევიდა 1190.1 ათასი კვ.მ. ფართობის 1334 ობიექტი.
ცნობისთვის, აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.