LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა შემცირდა

100

2015 წლის მე-3 კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 33%-ით შემცირდა, ხოლო მიმდინარე წლის მე-2 კვარტალის მონაცემებს 38%-ით აღემატება. ამის შესახებ წინასწარ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

მათივე ცნობით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2015 წლის მე-3 კვარტალში 489 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2014 წლის მე-3 კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 33%-ით ნაკლებია, ხოლო მიმდინარე წლის II კვარტალის წინასწარ მონაცემებს 38%-ით აღემატება. რაც შეეხება, 2015 წლის სამი კვარტალის განმავლობაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ჯამურ მოცულობას, 1019 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებლთან შედარებით 17%-ით ნაკლებია.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2015 წლის III კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემომავალმა ნაკადებმა 650 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. 2015 წლის მე-3 კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნებიდან პირველ ადგილზე აზერბაიჯანი იმყოფება 35%-ით, მეორეზე – ნიდერლანდები – 11%-ით, ხოლო მესამეზე თურქეთია 9%-ით.

განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, სამი უმსხვილესი სექტორის წილმა 2015 წლის მე-3 კვარტალში 72% შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდა და 218 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფება საფინანსო სექტორი, ხოლო მესამეზე – მშენებლობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები