თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული მსახიობის, ანა ტყებუჩავას პროცესი გაიმართა. მსახიობს 2025 წლის 9 იანვარს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე გზის გადაკეტვას ედავებიან.
მოსამართლე ნინო ენუქიძის გადაწყვეტილებით, საქმეზე დასკვნითი სასამართლო პროცესი 10 თებერვალს გადაიდო.
მსახიობის კოლეგები და მეგობრები აცხადებენ, რომ სასამართლო პროცესზე შსს-ს წარმომადგენელს არ ჰქონდა რეალური მტკიცებულება მსახიობ ანა ტყებუჩავას წინააღმდეგ.
როგორც მსახიობმა, ნინო გაჩეჩილაძემ ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა, ანა ტყებუჩავა უკვე გადაკეტილ რუსთაველის გამზირს შეუერთდა.
„სასამართლო პროცესზე აღმოვჩნდი აბსურდში, ასე მეგონა სერიალის გადაღებაზე ვიჯექი, განმეორდა იგივე სცენარი, რაც ერთი წლით ადრე იყო ჩვენს სერიალში „ჯეკოს“ სასამართლო პროცესს ვგულისხმობ… იყო ძალიან კომიკური სიტუაცია.
შსს-ს წარმომადგენელს არ ჰქონდა არანაირი რეალური მტკიცებულება, ეს ადამიანი თავჩახრილი პასუხობდა ყველაფერზე, რომ „არ მაქვს პასუხი, არ ვიცი, ვერ გეტყვით“… თუ არაფერზე არ აქვთ პასუხი, მაშინ რატომ ადანაშაულებენ ამ გოგოს? იყო ძალია კომიკური სიტუაცია.
ანას აქციაზე გზის გადაკეტვას ედავებიან, თუმცა ანა ტყებუჩავა უკვე გადაკეტილ რუსთაველის გამზირს შეუერთდა, ანუ მას შემდეგ, რაც გზა უკვე გადაკეტილი იყო და ეს არაერთხელ თქვა თავად ანამ.
რაც შეეხება პროცესის გადადებას, ვერ ვხვდები რას ემსახურება ეს ყველაფერი, არ მესმის ვის ინტერესებში შედის, გაუგებარია…
როცა ადამიანი უსამართლობას ხედავს, არ აქვს მნიშვნელობა პროფესიას ვალდებულად უნდა თვლიდე თავს, რომ გამოხვიდე და დააფიქსირო შენი აზრი.
უსამართლობაზე ხმა უნდა ამოვიღოთ, მითუმეტეს ჩვენ მსახიობებმა. მსახიობები წესით უნდა ვიყოთ იდეოლოგები და კარგი გაგებით ზეგავლენა უნდა მოვახდინოთ ადამიანებზე.
თუ ჩვენ ხმას არ ამოვიღებთ და გავჩუმდებით, მაშინ ჩვენც იმ უსამართლობის ნაწილი ვიქნებით. ხმას თუ ამოვიღებთ, მტერიც უკან დაიხევს. თვალდახუჭული ქვეყანას ვერ ავაშენებთ“, – განაცხადა მსახიობმა ნინო გაჩეჩილაძემ.
შეგახსენებთ, მსახიობ ანა ტყბუჩავას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან. კერძოდ კი იმას, რომ 2025 წლის 9 იანვარს, ის რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.