სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირების მიერ „ტვ პირველის“ ოპერატორის დაკავებას, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ეხმაურება და აცხადებს, რომ „საუბარი უნდა იყოს იმაზე, ადამიანმა რა დააშავა და არა იმაზე, რა პროფესიისაა“.
მისივე თქმით, რა პროფესიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს ადამიანი, „თუ დააშავა? პასუხი უნდა აგოს“.
გია ვოლსკი აცხადებს, რომ თუ ფორმასთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზიები არსებობს, ეს ცალკე საკითხია და არსებობს ამისი სტრუქტურები, სადაც გაარჩევენ.
„გარჩევა როგორ ხდება იცით? – სად აღმოჩნდება – სასაფლაოზე, სადაც კლავენ, როგორც „თქვენები“ კლავდნენ თუ აღმოჩნდება დაკავების ადგილას, სადაც გამოძიების შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს. ამით უნდა გაარჩიოთ, ვინ და როგორ დააკავა. ფორმასთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზიები თუ არსებობს, ეს ცალკე საკითხია – არსებობს ამისი სტრუქტურები, სადაც გაარჩევენ, მაგრამ რეალურად, ადამიანმა რა დააშავა, იმაზეა საუბარი და არა იმაზე, რა პროფესიის არის. პროფესია შეიძლება იყოს სპორტსმენი და შეიძლება „ტვ პირველის“ ჟურნალისტი – ამას მნიშვნელობა არ აქვს. დააშავა? – პასუხი უნდა აგოს. თუ არ დაუშავებია, რასაკვირველია, მტკიცებულებათა გარკვეული ნაკრები უნდა არსებობდეს, რაც მისი ბრალეულობის დამადასტურებელი იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში უკანონობა იქნება ასეთი ნაბიჯი. მაგრამ, როცა მეკითხებით, როგორ უნდა გაარჩიოთ – გეუბნებით, როცა თქვენი პოლიტიკური „ლიდერშიფის“ წარმომადგენლები ადამიანს აკავებდნენ კი არა, პირდაპირ უნიღბოდ იჭერდნენ, სასაფლაოზე მიჰყავდათ და კლავდნენ – ამით უნდა გაარჩიოთ ისინი პოლიციას და კანონს ემსახურებოდნენ თუ კონკრეტულ ინტერესს და იმ სადისტურ სისტემას, რომელიც თქვენმა პოლიტიკურმა ლიდერებმა შექმნეს. ამით არის მთავარი გასარჩევი ნიშნები“, – განაცხადა ვოლსკიმ.
შსს-ს ინფორმაციით, „ტვ პირველის“ ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული
მანამდე, სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გავრცელდა კადრებიც, სადაც ჩანს, როგორ სვამს რამდენიმე პირი ერთ ადამიანს მანქანაში და ისმის ხმა: „ოპერატორი ვარ, ლაშა ჯიოშვილი“.
ამასთან, „ტვ პირველის“ იურისტის თორნიკე მიგინეიშვილის ინფორმაციით, ტვ პირველის“ ოპერატორს, ლაშა ჯიოშვილს დაკავებისას არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო ხელზე სისხლჩაქცევა აქვს
ნოდარ მელაძე: გაიტაცეს „ტვ პირველის“ ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი