რადიო „არ დაიდარდოს“ და გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ ქეთი წიკლაური სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერების „ტანგო“ და „როგორ მიყვარდი“ პრემიერა შედგა.
ქეთი, როგორ შეაჯამებდი ამ წელს, რამდენად ნაყოფიერი იყო შენთვის?
პროდუქტიული იყო, ასე თუ ისე. უკან რომ ვიხედები და ანალიზს ვუკეთებ რაღაც მოვლენებს, ვხვდები, რომ არც ისე ცუდად ყოფილა საქმე მაგრამ, ალბათ, არტისტული ბუნების მომენტიც არის, ყოველთვის უკმაყოფილო რომ ხარ შენი თავით და რაღაც კიდევ გინდა, ამიტომაც მე არ მაქვს ის შეგრძნება, რომ – „უფ, მაგარი წელი იყო“, პირიქით, თუმცა რაღაცები ნამდვილად გავაკეთე წელს შემოქმედებითი განხრით და ყოფით ცხოვრებაშიც რაღაცები ვიყოჩაღე. ნამდვილად ძალიან დადებითი და რაღაცნაირად ტრანსფორმაციული წელი იყო ჩემთვის. შემოქმედებითი კუთხით, მაქვს გეგმები, მინდა, რამდენიმე ძველი სიმღერის ჩაწერა, მეორე დისკის შეკვრა, რადგან ბევრი ნამუშევარი დამიგროვდა.

დისკში რამდენი სიმღერა იქნება?
სადღაც, 14 სიმღერამდე.
ვისაუბროთ სიმღერაზე „ტანგო“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.
სიმღერის ავტორი გახლავთ, ქალბატონი ქეთევან შიხაშვილი, ჩვენი ოჯახის მეგობარი და მამას და დედას საკმაოდ დიდი რაოდენობის სიმღერების ავტორი. მე და ქეთინოს გვქონდა იდეა, რომ ერთობლივი ნამუშევარი გაგვეკეთებინა. მან რამდენიმე სიმღერა მომიტანა და სხვათა შორის, ყველა მომეწონა, მაგრამ პირველი ეს სიმღერა, ტანგო გაკეთდა. ქეთიმ დაბადების დღეზე მაჩუქა ეს სიმღერა. რაღაც პერიოდი დამჭირდა, რომ მომეფიქრებინა, როგორ მინდოდა ამ სიმღერის გაკეთება, მომემზადებინა შინაგანი იმპულსი. შემდეგ, მივმართე დათო ფორჩხიძეს, რომელმაც არაჩვეულებრივი ფონოგრამა გამიკეთა.

მოგვიყევი შენს კიდევ ერთ ახალ ნამუშევარზე, „როგორ მიყვარდი“.
კი, სევდიანი სახელწოდება არის, მაგრამ საკმაოდ კოკეტური სიმღერაა, ძალიან საინტერესოდ გაკეთდა. მუსიკის ავტორი მაკა სანიკიძეა, ტექსტის ავტორი – მაკა ფაცურია. ეს ჩემი და მაკა სანიკიძის უკვე მეორე თანამშრომლობაა. ეს სიმღერა რომ შემომთავაზა, დავიწყეთ ფიქრი, ვინ გააკეთებდა და ამ იდეებში მივაგენით ძველ ივერიელს, ჩემი ბავშვობის ჩუმ სიყვარულს, ზურა ლალიაშვილს. კულისებში ვიდექი და შეყვარებული ვიყავი…. (იცინის). ძალიან პატარა ვიყავი და ძალიან მომწონდა. მივედი ძია ზურასთან, რომელმაც საოცრად აუღო ალღო ამ სიმღერას და მშვენიერი გადაწყვეტილება შემოგვთავაზა. რაც შეეხება სევდიანობას, შეიძლება, ტექსტში არის მინიშნება რაღაც ამბავზე, რომელიც ადრე ხდებოდა, მაგრამ არის ძალიან ენერგეტიკული მუხტი, რომელიც სრულიად არ იწვევს მოწყენილობას.

როგორც აღნიშნე, ახალ ალბომზე მუშაობ, უნდა ველოდოთ პრეზენტაციას, თუ გაქვს გეგმაში რაიმე ღონისძიება?
შესაძლებელია, კონკრეტულად არ დავფიქრებულვარ, ბევრი იდეა მაქვს, მაგრამ, ხომ იცით, ფინანსები, სხვა ცხოვრებისეული სიტუაციები, ზოგჯერ, უბრალოდ, შინაგანად არ ხარ მომწიფებული.
ასევე, უნდა აღვნიშნო, რომ არის მამას ძალიან ბევრი სიმღერა, რომელიც არც დისკზეა, არც არავის გაუგია და მინდა, რომ ნელ-ნელა გავაჟღერო.
ქეთი წიკლაური – როგორ მიყვარდი
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ქეთი წიკლაური – ტანგო. Live
ქეთი წიკლაური. “პრემიერა თაკოსთან”