ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელის, შაკილ ო’ნილის ავტომობილების უნიკალურ კოლექციას კიდევ ერთი გამორჩეული ექსპონატი შეემატა – 1964 წლის Chevrolet Impala-ს ვიზუალით შექმნილი კატერი.
პროექტი ამერიკულმა სახელოსნომ Effortless Motors-მა განახორციელა. მიუხედავად იმისა, რომ მოდელი ერთი შეხედვით კლასიკურ კაბრიოლეტს ჰგავს, რეალურად ის სრულფასოვანი წყლის ტრანსპორტია და საავტომობილო გზებზე გადაადგილება არ შეუძლია.

კატერის დიზაინი თითქმის სრულად იმეორებს 1964 წლის ორკარიანი Chevrolet Impala Convertible-ის გარეგნობას. ზუსტად არის აღდგენილი ძარის ფორმები, კლასიკური დისკები, ხოლო LED-ფარები სრულად ფუნქციურია.

ძარის ფერებიც სიმბოლურია – ისინი შთაგონებულია იმ Chevrolet Impala-თი, რომელიც 1991 წლის ცნობილ ფილმში Boyz n the Hood („ბიჭები მეზობლად“) გამოჩნდა.
დიზაინერები მხოლოდ ექსტერიერით არ შემოფარგლულან. ინტერიერიც კლასიკური ავტომობილის სტილშია შესრულებული, ხოლო მართვის სისტემა ნაწილობრივ ავტომობილის პრინციპს იმეორებს.

კატერის ტექნიკური მახასიათებლები, მათ შორის ძრავის სიმძლავრე და მაქსიმალური სიჩქარე, ჯერჯერობით უცნობია.

შაკილ ო’ნილი ცნობილია ექსკლუზიური ავტომობილების სიყვარულით. მის კოლექციაში არაერთი უნიკალური, სპეციალურად მისთვის გადაკეთებული ავტომობილია, თუმცა Chevrolet Impala-ს ფორმის კატერი ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო მატებაა.