საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლის დატოვების შემდეგ, ახალ ოფისში დღეს ბრიფინგი პირველად გამართა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, „ახალი ოფისი შეიძლება ორბელიანების სასახლეს არ ჰგავდეს, მაგრამ იქ გრძელდება პრეზიდენტის ფუნქცია, იმ ქვეყნის, რომელიც დღეს ძალიან ღრმა კრიზისში იმყოფება“.
„მინდა მიგიღოთ ამ ახალ ოფისში, რომელიც ორბელიანების სასახლის გაგრძელებაა. შეიძლება არ ჰგავდეს ორბელიანების სასახლეს, მაგრამ სული და სულისკვეთება აქ არის და აქ გრძელდება პრეზიდენტის ფუნქცია, ამ ქვეყნის, რომელიც დღეს ძალიან ღრმა კრიზისში იმყოფება…
ჩვენ 2025 წელს ვიწყებთ ისეთ მდგომარეობაში, რომელიც საქართველოს ძალიან ბევრი წელია, არ ჰქონია, შეიძლება არც ჰქონია ამ ახლო წარსულში. პრაქტიკულად, ჩვენი სახელმწიფო, რომელიც შენდება და შენდებოდა დამოუკიდებლობის შემდეგ, დღეს დაშლის პირასაა, რამეთუ, ყველა მისი ინსტიტუტი და, პირველ რიგში, კონსტიტუცია აღარ არსებობს, კონსტიტუცია ფეხქვეშ არის გათელილი არა მხოლოდ იმ ცნობილი მუხლის გამო, რომელიც ასახავს ჩვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია დღეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.
ცნობისათვის, მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ახალი ოფისი თბილისში, ვერაზე, ჭოველიძის ქუჩაზე მდებარეობს.
ფოტო სლაიდზე: ინტერპრესნიუსი