LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეიძლება თუ არა, რომ მაღალმა ხელფასმა გაგაღარიბოთ და როგორ შევაჩეროთ ეს პროცესი

111
ფინანსური სტრატეგია

არსებობენ ადამიანები, რომლებსაც მაღალი შემოსავალი აქვთ, მაგრამ მაინც ვალებში ცხოვრობენ. არსებობენ ისეთებიც, ვინც მცირე შემოსავლის მიუხედავად ფულს ბინის შესაძენად აგროვებს. მათ შორის განსხვავება მხოლოდ ფინანსური განათლების საფუძვლების ცოდნაა. არსებობს რამდენიმე ძირითადი წესი, რომელთა დაცვა ნებისმიერ ადამიანს მიიყვანს ფინანსურ კეთილდღეობამდე. და ისინი არც ისე რთულია.

რატომ ცხოვრობენ შეძლებული ადამიანები მოკრძალებულად

Yahoo! Finance-ის თანახმად, უპირველეს ყოვლისა უნდა გავიაზროთ, რომ არ არსებობს ისეთი შემოსავალი, რომლის სრულად დახარჯვა შეუძლებელია. ეს არ არის ხუმრობა. ყველა შევხვედრივართ მაღალი შემოსავლის მქონე ისეთ ადამიანებს, თვის ბოლოს ვალებს რომ ვერ აუდიან. ამის მიზეზი არა მაღალი ხელფასი, არამედ ე.წ. „ღარიბი ადამიანის აზროვნებაა“.

ნამდვილი მილიონერები არ არიან ისინი, ვინც ძვირადღირებული ავტომობილებით გადაადგილდებიან, ბრენდულ ნივთებს ყიდულობენ და ძვირადღირებულ აქსესუარებს ატარებენ. უმეტესობა მათგანი, პირიქით, ეკონომიურობით გამოირჩევა. ისინი არ ხარჯავენ ფულს საკუთარი წარმატების დასადასტურებლად. როდესაც ადამიანი წყვეტს ძვირადღირებული საგნების ყიდვას სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენის მიზნით, დანაზოგის შექმნა მნიშვნელოვნად მარტივდება.

ფული, რომელიც სტატუსის ხაზგამსმელ ნივთებზე იხარჯება, აღარ მუშაობს თქვენს მომავალზე. ხოლო დღეს გადადებული გარკვეული ოდენობის თანხა დროთა განმავლობაში იზრდება.

ჩვევები, რომლებიც ფინანსურ წინსვლას აფერხებს

დანაზოგის შექმნის მთავარი მტერი სამომხმარებლო კრედიტია. საკრედიტო ბარათები მტვერსასრუტივით ისრუტავს ფულს თქვენი საფულიდან.

მართალია, მომხმარებელი ამ ბარათების მეშვეობით პროდუქტს ყიდულობს დღეს, თუმცა საბოლოოდ მის რეალურ ღირებულებაზე მნიშვნელოვნად მეტს იხდის მომდევნო წლებში. ამასთან, აღმოჩნდება ხოლმე, რომ ეს შენაძენი სრულებით არ წარმოადგენდა აუცილებლობას.

სამომხმარებლო დავალიანებებისგან გათავისუფლება ფინანსური თავისუფლებისკენ გადადგმული ერთ-ერთი პირველი ნაბიჯია. ვიდრე ბანკს უხდით პროცენტებს, თქვენ საფინანსო ინსტიტუტის სასარგებლოდ მუშაობთ და არა საკუთარი კეთილდღეობისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ტიპის სესხის უნდა გეშინოდეთ, თუმცა მნიშვნელოვანი განსხვავებაა უახლესი მოდელის ტელეფონისთვის და საცხოვრებელი უძრავი ქონებისთვის სესხს შორის.

კიდევ რამდენიმე ჩვევა, რომლებიც ფინანსური კაპიტალის დაგროვებას აფერხებს

• „შოფინგი“ განწყობის გასაუმჯობესებლად ან იმიტომ, რომ ფასდაკლებაა.

• შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის უქონლობა, რის შედეგადაც ფული თვალსა და ხელს შუა ქრება.

• კრედიტზე დამოკიდებული ცხოვრება – ისეთი ნივთების შეძენა, რომლებშიც თავს ნაღდი ფულის გადახდის უფლებას ვერ აძლევთ.

• დანაზოგის გადადების გამართლებები („როცა ხელფასი გაიზრდება“, „როცა ბავშვები წამოიზრდებიან“ და ა.შ.).

• თვის ბოლოს ანგარიშზე დარჩენილი თანხის სრულად დახარჯვის ჩვევა.

როგორ დავხარჯოთ ნაკლები, ვიდრე გამოვიმუშავებთ

საჭიროა მხოლოდ დისციპლინა და სისტემური აღრიცხვა. ჯერ ბოლო ერთი თვის ყველა შემოსავლისა და ხარჯის აღრიცხვით დაიწყეთ, მათ შორის ისეთი მცირე ხარჯის, ჭიქა ყავა რომ არის. ადამიანთა უმეტესობა, ვინც მსგავს რამეს პირველად აკეთებს, გაოცებას ვერ მალავს, როცა აღმოაჩენს ხოლმე, რეალურად რაში ხარჯავს ფულს.

შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა ეფექტური კონტროლის ინსტრუმენტია. გამოდგება ნებისმიერი ფორმა – ცხრილი ტელეფონში, ბიუჯეტირების აპლიკაცია ან თუნდაც ჩვეულებრივი ბლოკნოტი. მთავარი რეალური სურათის დანახვაა.

ამის შემდეგ ჩნდება შესაძლებლობა, გაანალიზდეს, რომელ ხარჯებზე შეიძლება უარის თქმა უმტკივნეულოდ. საუბარია არა ასკეტურ ცხოვრებაზე, არამედ ცნობიერ არჩევანზე – სად და როგორ დაიხარჯოს ფული.

პრინციპი „ჯერ საკუთარ თავს გადაუხადე“

ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ფინანსური ჩვევა მარტივად ფორმულირდება: შემოსავლის 5-10 პროცენტი შემოსავლის მიღებისთანავე გამოყავით დანაზოგისთვის, ანუ დაუყოვნებლივ და და არა ყველა ხარჯის შემდეგ, პრინციპით „რაც დარჩება“.

რატომ მუშაობს ეს მიდგომა? რადგან ადამიანი ბუნებრივად ადაპტირდება მის ხელთ არსებულ ფინანსურ რესურსებთან. თუ ანგარიშზე ნაკლები თანხა რჩება, ხარჯვითი ქცევაც ქვეცნობიერად ერგება ამ მოცემულობას. ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც დანაზოგი ყალიბდება პრინციპით „რაც დარჩება“, შემოსავლისგან უმოკლეს დროში არც არაფერი რჩება.

ასეთი დანაზოგი ერთგვარ ფინანსურ „უსაფრთხოების ბალიშს“ ქმნის – რესურსს სამუშაოს დაკარგვის, ჯანმრთელობის პრობლემების ან სხვა გაუთვალისწინებელი დიდი ხარჯების შემთხვევებისთვის. ფინანსური კონსულტანტები, როგორც წესი, რეკომენდაციას იძლევიან, რომ იქონიოთ 3-6 თვეზე სამყოფი რეზერვი სტანდარტული ხარჯებისთვის. ასეთი „უსაფრთხოების ბალიში“ გაძლევთ საშუალებას, გადაწყვეტილებები მშვიდად, პანიკის გარეშე მიიღოთ.

სასურველია, რეზერვისთვის ცალკე ანგარიში იქონიოთ, ანუ ის არ უნდა იყოს დაკავშირებული ყოველდღიური ხარჯებისთვის გამოსაყენებელ ბარათთან. ამგვარად მცირდება „საკუთარი თავისგან სესხების“ ცდუნება.

როგორ ვაიძულოთ ფულს იმუშაოს ჩვენზე

დანაზოგის შექმნის შემდეგ მიზანშეწონილია შემდეგ ეტაპზე – ინვესტირებაზე გადასვლა. ფული, რომელიც უბრალოდ ინახება ანგარიშზე, ინფლაციის შედეგად დროთა განმავლობაში კარგავს მსყიდველუნარიანობას. ხოლო ფული, რომელიც აქტივებშია ინვესტირებული, გრძელვადიან პერსპექტივაში იწყებს ზრდას.

ინვესტირება არ მოითხოვს საბირჟო გრაფიკების სიღრმისეულ ცოდნას ან მათ ყოველდღიურ მონიტორინგს. აქ საკვანძო მნიშვნელობა აქვს სისტემატურობას: ფიქსირებული თანხის პერიოდული (მაგალითად, ყოველთვიური) ინვესტირება უზრუნველყოფს აქტივების შეძენას როგორც ბაზრის ზრდის, ისე კლების ფაზებში, რაც ამცირებს საშუალო რისკს.

მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ინვესტირება წარმოადგენს მარათონს და არა სპრინტს. ზოგჯერ ბაზარი შეიძლება განიცდიდეს ვარდნას, რაც ბუნებრივი მოვლენაა. ისინი, ვინც პანიკის ფონზე აქტივებს ფასის ვარდნისთანავე ყიდიან, დანაკარგს აფიქსირებენ. ხოლო ისინი, ვინც სიმშვიდეს ინარჩუნებენ და ინვესტირებას აგრძელებენ, მოგებულები რჩებიან.  სწორედ ამიტომ არის ფინანსური „უსაფრთხოების ბალიში“ ასეთი მნიშვნელოვანი – ის საშუალებას იძლევა, რთულ პერიოდში არ გაიხარჯოს დანაზოგი.

რა არის პირადი ფინანსური სტრატეგია

შესაძლებელია თუ არა ამ ყველაფერში დამოუკიდებლად გარკვევა? დიახ, საბაზისო პრინციპები მარტივია და ისინი უკვე განვიხილეთ, მაგრამ როდესაც საქმე უფრო კომპლექსურ გადაწყვეტილებებს ეხება – კონკრეტული ფინანსური ინსტრუმენტების შერჩევას, საგადასახადო ოპტიმიზაციას ან მსხვილი შესყიდვების დაგეგმვას – მიზანშეწონილი შეიძლება იყოს ფინანსური კონსულტანტის დახმარება.

კვალიფიციური კონსულტანტის მთავარი ღირებულება არა „საიდუმლო ცოდნაში“ მდგომარეობს, არამედ დახმარებაში, არ გადაუხვიოთ გზას. ბაზრის ვარდნის ან დანაზოგის არაგეგმური ხარჯვის ცდუნების პირობებში, იგი იმპულსური გადაწყვეტილებების მიღების რისკს ამცირებს.

იმ შემთხვევაში, თუ კონსულტანტთან თანამშრომლობისთვის ამ ეტაპზე მზად არ ხართ, მცირე ნაბიჯებით დაიწყეთ: გაერკვიეთ თქვენს საბანკო სისტემაში ხელმისაწვდომ საბაზისო ფინანსურ ინსტრუმენტებში და პირადი ფინანსების თემაზე ერთი წიგნი მაინც წაიკითხეთ.

ზემოთ აღნიშნული არცერთი ნაბიჯი არ საჭიროებს განსაკუთრებულ ნიჭს ან იღბალს, მთავარი მხოლოდ მოთმინება და თანმიმდევრულობაა. სიმდიდრე არ არის მოვლენა – ეს არის პროცესი. და რაც უფრო ადრე იწყება ეს პროცესი, მით უფრო მეტ სარგებელს ნახულობს ადამიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g