მარნეულსა და ბოლნისში გამკაცრებული ზომების მიღების შემდეგ, რეგიონში მიმდინარე პროცესებზე სრული პასუხისმგებლობა რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერის მრჩეველ სოზარ სუბარს დაევალა. სუბარის განმარტებით, ამ დროისათვის რეგიონში სრული სიმშვიდეა. მისი თქმით, ყველაფერი დაკეტილია, იმ ობიექტების გარდა, რომლებიც პირველად აუცილებლობას წარმოადგენს. სოზარ სუბარი აღნიშნავს, რომ რეგიონში ადამიანებს საშუალება ეძლევათ გავიდნენ საველე სამუშაოებზე, ოღონდ მკაცრი წესების დაცვით – “მანქანაში არ უნდა იჯდეს ორ ადამიანზე მეტი, არ იმოძრაონ მიკროავტობუსით და ა.შ.” – განაცხადა სუბარმა.
მისი განმარტებით, შექმნილია სპეციალური მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც დაიწყებენ იმ სოფლებისა და უბნების შემოწმებას, სადაც შესაძლო საფრთხე ყველაზე მაღალია. ისინი ასევე დაეხმარებიან სოციალურად დაუცველებს და მოხუცებს სურსათის მომარაგებაში.
“შექმნილია 10 ჯგუფი, რომელშიც შედიან მოხალისეები და თითო ექიმი. მათ უნდა შეამოწმონ თითოეული ადამიანი, ყველა ოჯახში უნდა შევიდნენ. თავდაპირველად დაიწყებენ იმ სოფლების თუ უბნების შემოწმებას, სადაც ყველაზე მეტად შეიძლება იყოს საფრთხე, ანუ სადაც დაინფიცირებული ადამიანები მოძრაობდნენ და სადაც ჰქონდათ კონტაქტი. შემდეგ გადავლენ დანარჩენ მოსახლეობაზე. ასევე შექმნილია მოხალისეების 40-მდე ჯგუფი, რომლებიც დაეხმარებიან სოციალურად დაუცველებს, რომ მიაწოდონ სურსათი და ყველა აუცილებელი საჭიროების მიხედვით მოემსახურონ”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.