ჩვენ გარკვეული სტრატეგიული უპირატესობები მივიღეთ, დავკითხეთ ფრენკ სკოტი, რომელიც თავდაპირველად წარმოადგინა „ნეტფლიქსმა“ თავისი პოზიციის მხარდასაჭერად. ვთვლით, რომ სერიალის პროდიუსერისა და სცენარისტის დაკითხვის დროს გამოვლენილი გარემოებები საჩვენოა, – ამის შესახებ ქართველი მოჭადრაკის უფლებადამცველმა, ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა „ფორტუნას“ ეთერში განაცხადა.
“ფრენკ სკოტს ძალიან გაუჭირდა ბევრ კითხვაზე დამაჯერებელი, დამარწმუნებელი, გამართული პასუხის გაცემა. მისი დაკითხვა გვჭირდებოდა იმისთვის, რომ სასამართლოზე ვაჩვენოთ, რომ „ნეტფლიქს“ ჰქონდა რეალური ფაქტების ცოდნა ჰქონდა ნონა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით. ის, რომ ნონა გაფრინდაშვილი მანამდე, არაერთგზის თამაშობდა მამაკაც მოჭადრაკეებთან და განგებ დამახინჯდა ეს ინფორმაცია.
ფრენკ სკოტის პასუხები კი ფაქტობრივად, შემაჯამებლად იძლევა ამ დასკვნის გაკეთების საშუალებას და პრაქტიკულად, შეიძლება ითქვას, მან აღიარა, რომ იცოდა ნონა გაფრინდაშვილის საჭადრაკო წარმატებები მამაკაცის ტურნირებზე უმეტესწილად უკავშირდება 70-იან წლებს. აი, ეს სიტყვა „უმეტესწილად“ აღმოჩნდა საკრალური მათთვის”,- აღნიშნა ადვოკატმა.
ქართველი მოჭადრაკის უფლებადამცველის თქმით, სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ კომპანიის შუამდგომლობა მათთვის მოულოდნელი არ იყო, რადგან „ნეტფლიქსი“ თავს იცავს გამოხატვის თავისუფლებით.
NETFLIX-ი ნონა გაფრინდაშვილის საქმეზე სასამართლოში სამართალწარმოების შეწყვეტას ითხოვს
კითხვაზე,აქვს თუ არა სარჩელს გამარჯვების პერსპექტივა და ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ რომ საქმე მხარეთა მორიგებით დასრულდეს, მაია მწარიაშვილი პასუხობს, რომ წარმატების მოლოდინი აქვთ.
“მოლოდინი გვაქვს წარმატების, წინააღმდეგ შემთხვევაში არც ერთი გონიერი ადამიანი, მითუმეტეს ქალბატონო ნონა, არ წავიდოდა ოკეანის გადაღმა, კალიფორნიაში, უმსხვილესი კინოინდუსტრიის მაგნატის წინააღმდეგ.
წარმატების დიდი იმედი გვაქვს. პროცესიც ჭადრაკივით არის, აჩვენებს სად მივალთ. ახლა მთავარი სიტყვა მოსამართლეზეა. მნიშვნელოვანია, რომ დაინიშნა ღია მოსმენა. წინ ბევრი პროცედურებია, თუმცა ჩვენ ვთვლით, რომ წარმატების შანსები გვაქვს.
რაც შეეხება მორიგებას, ეს მხარეებს შორის თეორიულად და პრაქტიკულად, შესაძლებელია ყველა ეტაპზე მოხდეს. სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე, როგორც ქართულ, ასევე ამერიკულ სამართალში, ვნახოთ“, – აღნიშნა “ფორტუნას” ეთერში ადვოკატმა.
აშშ-ის კალიფორნიის შტატის სასამართლოში კომპანია „ნეტფლიქსის“ წინააღმდეგ ნონა გაფრინდაშვილის სარჩელის ღია (ზეპირი) მოსმენა მომავალი წლის 24 იანვარს ჩაინიშნა.
საქმე ეხება „ნეტფლიქსის“ პოპულარულ სერიალს „The Queen’s Gambit“ (ლაზიერის გამბიტი), რომელიც, გაფრინდაშვილისა და მისი ადვოკატების აზრით, მოჭადრაკის შესახებ შეურაცხმყოფელ, ცრუ ინფორმაციის შეიცავს.