გერმანიის სამხრეთში მდებარე ქალაქ შტუტგარტში შენდება ინოვაციური ავტომობილების გვირაბი, რომელიც ზუსტად ქალაქის ზოოპარკის „ვილჰელმას“ სპილოების ვოლიერის ქვეშ გაივლის და მის გათბობას უზრუნველყოფს.
გათბობის სისტემა ორი ძირითადი წყაროს სითბოს გამოიყენებს. პირველ რიგში, გვირაბის ტექნიკური სათავსოებიდან გამომავალ ჭარბ სითბოს – იქ განთავსებული სერვერები დიდი რაოდენობით თბოენერგიას გამოყოფს. მეორე მხრივ კი, დამატებით სითბოს შექმნის თავად გვირაბიც, რომელიც ავტომობილების უწყვეტი მოძრაობის შედეგად თბება.
გვირაბში უკვე გაყვანილია დაახლოებით 7 კილომეტრი სიგრძის მილები, რომლებიც სითბოს აგროვებს და ზედაპირზე – უშუალოდ სპილოების ვოლიერის ქვეშ უშვებს.
ეს ინჟინრული გადაწყვეტა ზოოპარკისთვის მრავალწლიანი ოცნების განხორციელებას ნიშნავს: სპილოები ახალ, ფართო და თანამედროვე ვოლიერში გადაინაცვლებენ. არსებული ნაგებობა, რომელიც 40 წელზე მეტია აშენებულია, მათთვის უკვე ძალიან ვიწრო და მოძველებულია.

ახალი ვოლიერი 1,5 ჰექტარის ფართობზე განთავსდება – ის იქნება მაღალი, ნათელი და მაქსიმალურად მიახლოებული ბუნებრივ გარემოსთან, რაც ცხოველებისთვის კომფორტულ პირობებს შექმნის.
გვირაბიდან მიღებული სითბოს გამოყენება მნიშვნელოვნად შეამცირებს ნახშირორჟანგის გამოყოფას – წელიწადში დაახლოებით 200 ათასი ტონით, რაც გარემოს დაცვის კუთხით მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს.
ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის ენერგიის წყაროდ გამოყენება ახალი არ არის. მსგავსი პრაქტიკა უკვე არსებობს, მაგალითად, ბარსელონაში, სადაც მეტროს მატარებლების დამუხრუჭების ენერგიით ელექტრომობილებს მუხტავენ, ხოლო პრაღაში იგეგმება მატარებლებისა და მგზავრთა ნაკადისგან წარმოქმნილი სითბოს გამოყენება საცხოვრებელი შენობების გასათბობად.