ეკონომიკური სიდუხჭირე მოსახლეობისთვის კვლავაც მთავარი გამოწვევაა; – ამის შესახებ ეროვნულ დეკმოკრატიული ინსტიტუტისა და СRR-საქართველოს მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებშია აღნიშნული.
კვლევის მიხედვით, მოქალაქეთა უმრავლესობა ამბობს, რომ მათ ინტერესებზე არავინ ზრუნავს.
კვლევაში ვკითხულობთ, რომ მოქალაქეები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებაში პროგრესს ვერ ხედავენ. ისინი ფიქრობენ, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში სიღარიბესთან, კრიმინალთან, ტერიტორიულ მთლიანობასთან და განათლებასთან დაკავშირებული სიტუაცია გაუარესდა. მოქალაქეების პრიორიტეტები პოლიტიკური სიმპატიების მიხედვით არ იცვლება, რაც პარტიებისთვის თანამშრომლობის სტიმული უნდა გახდეს.
NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ არც მმართველი პარტია და არც ოპოზიცია მათი ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებენ. მოქალაქეები არც პარლამენტისადმი არიან ოპტიმისტურად განწყობილნი.
გამოკითხულთა 53% ამბობს, რომ საკანონმდებლო ორგანო მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე არ მუშაობს.
52 პროცენტს ასევე არ სჯერა, რომ თუ პარლამენტის წევრს მათ დასახლებაში არსებული პრობლემების შესახებ ეტყვის, ის პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება.
მოსახლეობის მხოლოდ მესამედი მიიჩნევს, რომ პარლამენტს მოქალაქეებთან რეგულარული კომუნიკაცია აქვს.
“ეკონომიკური სიდუხჭირე მოქალაქეებისთვის კვლავაც მთავარი გამოწვევაა და სწორედ აქეთკენ უნდა იყოს მიმართული ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიების ძალისხმევა. მოსახლეობის პრიორიტეტები მთავრობის, პარლამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების ყურადღების ცენტრში უნდა მოექცეს,” – აცხადებს ალან გილამი, NDI საქართველოს ოფისის დირექტორი.
ალან გილამის თქმით “მოსახლეობა უკვე წლებია ეკონომიკური პრობლემების შესახებ საუბრობს. პოლიტიკოსებისადმი გაჩენილი ნიჰილიზმის ფონზე, პოლიტიკურმა ლიდერებმა დროულად უნდა იმოქმედონ, რათა მოსახლეობისთვის საჭირბოროტო საკითხების მოგვარება და საზოგადოებაში ნდობის ამაღლება შეძლონ.”
არსებული პოლარიზაციის ფონზე, მოსახლეობის უმრავლესობა პარტიათაშორის თანამშრომლობას უჭერს მხარს.
გამოკითხულთა 80% ფიქრობს, რომ მათმა რჩეულმა პოლიტიკურმა პარტიამ პარლამენტში მყოფ ყველა სხვა პარტიასთან უნდა ითანამშრომლოს, თუნდაც ზოგიერთი პარტიის ქმედებები ან მოსაზრებები მისთვის მიუღებელი იყოს.
პარტიათაშორისი თანამშრომლობა მოქალაქეებისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია, პოლიტიკური სიმპატიების მიუხედავად. მოქალაქეთა უმრავლესობა ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის შემრიგებლის როლში ადგილობრივ აქტორებს მოიაზრებს.
გამოკითხულთა 34% ამბობს, რომ შემრიგებლის როლი თავად პარტიებმა უნდა ითავონ, 11%კი ფიქრობს, რომ პრეზიდენტი ყველაზე კარგად გაუმკლავდებოდა შუამავლის როლს. დარჩენილი 18% მიიჩნევს, რომ ეს ფუნქცია დასავლელმა პარტნიორებმა უნდა შეასრულონ.
“ახალი კვლევის შედეგები ნათლად აჩვენებს, რომ მოქალაქეები პარტიებს შორის თანამშრომლობას ითხოვენ. პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ზარალის აღმოფხვრა ხელისუფლებისა და ოპოზიციის პრიორიტეტად უნდა იქცეს,” – განაცხადა ალან გილამმა, NDI საქართველოს ოფისის დირექტორმა.
გამოკითხულთა 90%-ის, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება მნიშვნელოვანია.
გამოკითხულთა მხოლოდ 39 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველო დღეს დემოკრატიაა. ამასთან, უმეტესობის აზრით, საქართველო მეზობელი ქვეყნებისთვის აღარ არის დემოკრატიის შუქურა.
25% მიიჩნევს, რომ საქართველო არც არასდროს ყოფილა სამაგალითო დემოკრატია, 23%-ის აზრით კი, ქვეყანა მეზობლებისთვის დემოკრატიის კარგი მაგალითია.
NDI-ის კვლევის თანახმად, კორონავირუსის ორი წლის თავზე, მოსახლეობის ნახევარი მთავრობის მიერ პანდემიის მართვას დადებითად აფასებს. თუმცა ვაქცინაციის მიმართ უნდობლობის მაჩვენებელი კვლავ მაღალი რჩება:
მოსახლეობის 42 პროცენტი არ აპირებს აცრას. მხოლოდ 25 პროცენტი ამბობს, რომ აიცრებოდა, 29 პროცენტი კი აცხადებს, რომ უკვე გაიკეთა ვაქცინა.
ვაქცინისადმი სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები მთავარ მიზეზებად ვაქცინის ხარისხის მიმართ უნდობლობასა (38 პროცენტი) და ჯანმრთელობის პრობლემებს ასახელებენ (20 პროცენტი). ამასთან, ვაქცინირებული მოსახლეობის 34 პროცენტი ბუსტერ დოზის გაკეთებას არ აპირებს ან ჯერ არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული.