LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიმპტომები, რომლებიც ნერვების ან გულის ბრალი გვგონია და ხშირად ფარისებრი ჯირკვალი იწვევს

533
გივი მიქანაძე

„იმედის“ ეთერში, გადაცემაში „იმუნიტეტი“ ექიმმა-ენდოკრინოლოგმა, მედიცინის დოქტორმა თამარ კუპრეიშვილმა ისაუბრა, რა ნევროლოგიური გამოვლინებები შეიძლება ახლდეს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევებს და რომელ სიმპტომებს უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება.

მისი თქმით, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები ორ ძირითად მდგომარეობად იყოფა – ჰიპერთირეოზად (ფუნქციის გაძლიერება) და ჰიპოთირეოზად (ფუნქციის დაქვეითება), რომლებიც განსხვავებული სიმპტომებით ვლინდება.

ჰიპერთირეოზის დროს, როდესაც სისხლში TSH დაბალია, პაციენტები ხშირად გამოირჩევიან გაღიზიანებით, ადვილად აგზნებადობითა და მოუსვენრობით. დამახასიათებელია ოფლიანობა, წონის კლება და გულის რიტმის დარღვევა. მძიმე შემთხვევებში შესაძლოა აგრესიულობაც გამოვლინდეს. როგორც ექიმი აღნიშნავს, სიმპტომები მკვეთრად გამოხატულია და დიაგნოსტირება, როგორც წესი, დროულად ხდება.

ჰიპოთირეოზის შემთხვევაში ვითარდება აზროვნების შენელება, მეხსიერებისა და კონცენტრაციის დაქვეითება, აპათია და დეპრესიული განწყობა. ფიზიკურ ნიშნებს შორისაა წონის მატება, გულის რიტმის შენელება, ლიბიდოსა და მენსტრუალური ციკლის დარღვევა. სპეციალისტის განმარტებით, ამ მდგომარეობის სიმპტომები ნელა და თანდათან ვითარდება, რის გამოც პაციენტი და მისი გარემოცვა ხშირად ვერ ამჩნევს ცვლილებებს და დიაგნოზიც გვიან ისმება.

ექიმი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მსგავსი ნიშნების გამოვლენისას აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შეფასება.

ამავე გადაცემაში ექიმმა-ნევროლოგმა ანა ჩიქობავამ განმარტა, რომ დეპრესიული სინდრომის დროს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა აუცილებელი არ არის, თუმცა გამოკვლევა რეკომენდებულია. მისი თქმით, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჰორმონების, არამედ ანტისხეულების ტიტრის განსაზღვრაც, რადგან ნერვული ქსოვილი განსაკუთრებით მგრძნობიარეა ანტისხეულების მიმართ. შესაძლოა ჰორმონული მაჩვენებლები ნორმაში იყოს, თუმცა ანტისხეულების მომატებულმა დონემ ნევროლოგიური სიმპტომები, მათ შორის კრუნჩხვითი აქტივობაც გამოიწვიოს.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ენდოკრინული და ნევროლოგიური პრობლემების თანხვედრის შემთხვევაში საჭიროა კომპლექსური მიდგომა — როგორც ენდოკრინოლოგის, ისე ნევროლოგის ჩართულობით, რათა მკურნალობა იყოს ეფექტიანი და სრულფასოვანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g