სინესთეზია არის მგრძნობელობის ერთ ერთი ორგანოს მიერ აღქმული შეგრძნება, რომელსაც დაჰყვება მგრძნობელობის სხვა ორგანოთა გაერთიანებული საპასუხო რეაქციები, რაც ორი სრულიად განსხვავებული შეგრძნების კავშირს ხდის შესაძლებელს. მეცნიერები მას მეშვიდე გრძნობასაც უწოდებენ. სტატისტიკურად ცნობილია, რომ სინესთეზია დედამიწის მოსახლეობის 4.4%-ს ახასიათებს. სინესთეზია სახეობებია: ვიზუალური, სმენითი, გემოს შეგრძნებითი, ყნოსვითი, ტაქტილური ანუ შეხებითი.
ყველაზე გავრცელებული ფორმა, გარკვეული საგნის დანახვის ან წარმოდგენისას შექმნილი ფერების გამაა (ვიზუალური სინესთეზია). ერთ გარკვეულ ასოს ან ნიშანს აქვს ყოველთვის ერთი ფერი, რომელიც ინდივიდუალურია. დაკვირვებების შედეგად ცნობილია, რომ ვიდრე სიტყვა სრულად არ არის ცნობილი, ყოველ ასოს თავის ფერი გააჩნია, მაგრამ რამდენადაც უფრო იკვეთება სიტყვა, იმდენად იღებს პირველი მარცვალი ან სრულად სიტყვა, პირველი ასოს ფერს. სმენითი სინესთეზიის გამოვლინებისას, გარკვეული ბგერები ან ნოტები აღიქმება ასევე ფერებში. ცნობილი მუსიკოსი სინესთეტების სიაში არიან ფრანც ლისტი, ჯიმი ჰენდრიქსი, იცჰაკ პერლმანი, ლეონარდ ბერნშტაინი. გემოს შეგრძნებით გამოვლენილი სინესთეზიის დროს, ადამიანი გარკვეული ობიექტს ან სუბიექტს რაიმე გემოსთან აკავშირებს. ერთ ერთ ყველაზე იშვიათ და საინტერესო ფორმას „დრო-სივრცის სინესთეზია“ წარმოადგენს. ამ დროს ადამიანს შესწევს უნარი გარკვეული ფიგურები და ობიექტები სივრცეში წარმოიდგინოს და იშვიათ შემთხვევაში დაინახოს კიდეც.

საკმაოდ ცნობილი ფორმაა აურის აღქმითი (ხედვითი) სინესთეზი. ამ დროს, სინესთეტის მიერ, დაკვირვების ობიექტის გარშემო არსებული ფორმები და ფერები აღიქმება და იცვლება იმისდა მიხედვით თუ რა ხასიათზე და ემოციურ მდგომარეობაშია ესა თუ ის ადამიანი. ცნობილია ასევე სინესთეზიის ფორმა, რომლის დროსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ამა თუ იმ (ბასრ, ხორკლიან, პრიალა) საგანზე შეხებისას იცვლება ადამიანის ხასიათი და მისი ემოციური მდგომარეობა იმისდა მიხედვით თუ რა გავლენას ახდენს ესა თუ ის ობიექტი მის გრძნობებზე. ერთ ერთი ყველაზე ცნობილი სინესთეტი იოჰან ვოლფგანგ გოეთე იყო, რომელსაც „ფერთა თეორიის“ შექმნაში მისი ორიგინალური ნიჭი და სამყაროს სინესთეტური აღქმა დაეხმარა.