„სინათლეს ბორკილით ვერ დააკავებ! – იმედი მაქვს, რომ ნიკას ეს, მეოთხე დაკავება იქნება ბოლო, აღსრულდება სამართალი და ის ბიჭები, რეჟიმის პატიმრები, ჩვენს შვილებთან, მშობლებთან ერთად შეძლებენ, რომ ანათონ საკუთარ მიწაზე და ანათონ თავისუფლად“, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას მეუღლემ, სოფიო ლილუაშვილმა განაცხადა.
სოფო ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან ისაუბრა – იქ, სადაც ნიკა გვარამია დააკავეს. მისი თქმით, რეჟიმის ყველა პატიმარი დღეს თავისუფლების სინათლეა:
კადრები ნიკა გვარამიას დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე, რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან
„პირველ რიგში, მინდა მათეს ვუთხრა, რომ ის თვითონ არის სინათლე და მას არანაირი სინათლის ძიება არ მოუწევს, არსად. მინდა ვუთხრა, რომ ის და რეჟიმის ყველა პატიმარი დღეს არის სინათლე თავისუფლების. სწორედ ამისთვის იბრძვის ნიკა 13 წელია. ამ 13 წლის განმავლობაში მეოთხედ დააკავეს უკვე. პირველი ის იყო, 2013 წელს, რუსული ხელისუფლების მოსვლის შემდეგ.
პირველი ნიკა დააკავეს და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ნიკას ეს, მეოთხე დაკავება იქნება ბოლო, აღსრულდება სამართალი და ის ბიჭები, რეჟიმის პატიმრები, ჩვენს შვილებთან, მშობლებთან ერთად შეძლებენ, რომ ანათონ საკუთარ მიწაზე და ანათონ თავისუფლად. სინათლეს ბორკილით ვერ დააკავებ!
ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეეცვალა
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო.
დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ ნიკასთან და სხვა პატიმრებთან, იმ ადამიანებთან ერთად, ვისაც ეს უნდა. ვისაც ეს არ უნდა და ვინც ვერ ხვდება, რომ მათეს გუშინდელი განაჩენით ქვეყანას გამოუტანეს განაჩენი, ისინი იქნებიან სიბნელის უფსკრულში და არა ეს პატიმრები, არა ნიკა და არა სხვა ბავშვები, ვინც სასჯელს სრულიად უსამართლოდ იხდიან“. – განაცხადა სოფო ლილუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი – ნიკა გვარამია დღეს, 13 ივნისს დააკავეს. გვარამიას სამართალდამცავებმა ხელბორკილები რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან დაადეს, სადაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თავად მივიდა.
ინფორმაციისთვის, დღევანდელ პროცესზე პროკურატურამ ნიკა გვარამიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, 30 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლა მოითხოვა. მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა.
ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ დღევანდელ პროცესზე არ გამოცხადდა. ცნობისთვის, ნიკა გვარამია პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს და აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომლის გადასახდელად 50-დღიანი ვადა განესაზღვრა. მას აღნიშნული ვადა 7 ივნისს ამოეწურა.
ფოტოები: „ინტერპრესნიუსი“
⭕💬 „არ მინდა ამისგან დრამა გავაკეთო, ჩემი შვილები, სამწუხაროდ, მიჩვეული არიან ამას, ჩემი ცოლიც [მიჩვეულია]… მათ იციან,…
Posted by Fortuna News • ფორტუნას ახალი ამბები on Friday 13 June 2025