LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სომხეთის დემოკრატიული განვითარება უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის – გიორგი კვირიკაშვილი

86

საქართველოს სომეხი ეროვნების მოქალაქეები აქტიურად არიან ჩართული ქვეყნის აღმშენებლობის საკითხში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სომხეთის პრემიერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„100 წლის წინ ქართველმა და სომეხმა ხალხმა, მრავალი სირთულისა და გამოწვევის მიუხედავად, გამოავლინა განსაკუთრებული ბრძოლისუნარიანობა და მოახდინა განვითარების დემოკრატიული გზისადმი საკუთარი სწრაფვის მკაფიო დემონსტრირება,“ – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, საქართველოსა და სომხეთს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობისა და კეთილმეზობლობის ტრადიციები აკავშირებს, რამაც ასახვა ჰპოვა დღევანდელ დღეს არსებულ პარტნიორულ თანამშრომლობაში.

„ყოფილი საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, შესაძლებელი გახდა ნდობაზე დამყარებული ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარება. სომხეთის სტაბილურობა და დემოკრატიული განვითარება უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. სწორედ ამიტომ, საქართველოში დიდი გულისყურით ვაკვირდებოდით მეგობარ სომხეთში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, რა დროსაც სომეხმა ხალხმა მსოფლიოს აჩვენა ერთიანობისა და დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულების სანიმუშო მაგალითი,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და სომეხ კოლეგას კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა მომავალ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე.

დღევანდელ შეხვედრაზე კი, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, განიხილეს თანამშრომლობის ყველა ძირითადი მიმართულება და ხაზი გაუსვეს მისწრაფებას ინტენსიური პოლიტიკური დიალოგის შესახებ. საუბარი შეეხო არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს, ასევე, თანამშრომლობის განვითარების ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ტურიზმი, კულტურა, განათლება, ინოვაციები.

„მიუხედავად უკვე არსებული ინტენსიური თანამშრომლობისა, რა თქმა უნდა, არის გამოუყენებელი პოტენციალი არა ერთი მიმართულებით. ორმხრივი ურთიერთობების საკითხებთან ერთად, ყურადღება გავამახვილეთ საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებზე. ყურადღება დავუთმეთ რეგიონში არსებულ გამოწვევებს და ხაზი გავუსვით რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მნიშვნელობას. გამოვხატეთ მზადყოფნა რეგულარული შეხვედრების გაგრძელებაზე, მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკის შენარჩუნებასა და ორი ქვეყნის დარგობრივ უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის ხელშეწყობაზე. ასევე, მივიღეთ გადაწყვეტილება, განვაახლოთ ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მუშაობა. უახლოეს პერიოდში შედგება სამუშაო ჯგუფებს შეხვედრა და მომზადდება ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა. ასევე, გამოვყავით ძირითადი მიმართულებები, რაზეც ამ კომისიის ფარგლებში უნდა გავამახვილოთ ყურადღება და შევთანხმდით პრინციპებზე, რომლებზეც იქნება აგებული მომავალი მუშაობის დღის წესრიგი,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის პრემიერმინისტრი ეწვევა სამხრეთ საქართველოს, სადაც შეხვედრებს გამართავს ადგილობრივ მოსახლეობასთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები