„ექვსი თვის მაჩვენებლებით საქართველოს რკინიგზაში ტვირთბრუნვა გაზრდილია, დაახლოებით, 10%-ით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. რეკორდული მაჩვენებლები გვაქვს“, – აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი.
როგორც მან აღნიშნა, ტვირთბრუნვის კუთხით რკინიგზაში კარგი ტენდენციები ფიქსირდება, მათ შორის ბოლო ათი წლის ჭრილში.
„ბოლო ათწლეულის მანძილზე, დაახლოებით, 7 მლნ ტონა ტვირთი გადაიზიდა და, შესაბამისად, ეს მაჩვენებელი ნამდვილად რეკორდულია. ამ კუთხით დამატებით უმნიშვნელოვანეს ნაბიჯებს დგამს საქართველოს რკინიგზის ახალი მენეჯმენტი იმისთვის, რომ გაზარდოს რკინიგზის ეფექტიანობა და გააორმაგოს გამტარუნარიანობა“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
თამარ იოსელიანი საუბრობს საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე მასშტაბური განახლების პროექტის მნიშვნელობაზეც, ზოგადად, შუა დერეფნის მარშრუტის განვითარების კონტექსტში.
„ის განახლებები, რომელიც დღეს საქართველოს რკინიგზაში ხორციელდება, ის ინვესტიციები, რომელიც იდება გაჯანსაღების მიმართულებით, მოხმარდება საქართველოს სატრანსპორტო სისტემას, რომელიც მოიცავს როგორც ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს, ასევე ახალ გზებს და სარკინიგზო ხაზებს“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
