მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, თაზო დათუნაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
თაზო დათუნაშვილის სიტყვებით, „საქართველოს ორი ასწლოვანი უნივერსიტეტი სავალალო მდგომარეობაში იყო და ახლა ამ ქვედა ზღვარსაც ჩატეხავს“.
„მე მგონი, ეს არის იმ გეგმის განხორციელებაა რაც დასახეს: „ერთი უნივერსიტეტი, ერთი ფაკულტეტი“. ეს არის საქართველოს ორი ასწლოვანი უნივერსიტეტი, რომელიც ცალსახად, სავალალო მდგომარეობაში იყო საერთაშორისო რეიტინგებით თუ სწავლის ხარისხით, და ახლა [გაერთიანება] ამ ქვედა ზღვარსაც ჩატეხავს, იმიტომ რომ ორი სუსტის გაერთიანებით ძლიერი არ იქმნება. ორი უსუსტესი მონსტრი უნდათ რომ გააერთიანონ. აქ ორი ინტერესი იკვეთება. ერთი: აკადემიური თავისუფლების სრულად მოსპობა და ტოტალური კონტროლი. ისედაც კრიმინალური ელემენტები მართავენ ამ უნივერსიტეტებს. მეორე: ცალსახად, ქონებრივი საკითხიც დგას. [ინტერესი] იმ უძრავი ქონებისა, რომელიც ამ ორ ისტორიულ უნივერსიტეტს ქალაქის აბსოლუტურ ცენტრში გააჩნია. სხვა შინაარსი, რატომ უნდა გააერთიანო ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელსაც თავისი ასწლოვანი ისტორია აქვს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, უბრალოდ არ იხსნება,“ – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
შეგახსენებთ, მთავრობამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა, უნივერსიტეტების გაერთიანების მიზნით, მინისტრის ბრძანებით, შეიქმნება მართვის დროებითი ორგანო – საბჭო და დაინიშნება რექტორისა და რექტორის მოადგილეების მოვალეობის შემსრულებლები, რომლებიც წარმართავენ რეორგანიზაციის პროცესს.
