LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი მე-7 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი იწყება

113
ლიტერატურული ფესტივალი

9-14 სექტემბერს, თბილისი მეშვიდედ უმასპინძლებს საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს, რომლის ფარგლებშიც, დედაქალაქს 11 ქვეყნიდან 14 ავტორი ეწვევა. ფესტივალი მწერალთა სახლის ორგანიზებით და თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება.

თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის მთავარი თემაა „შინ“, როგორც ადამიანის იდენტობის განმსაზღვრელი ადგილი. პროგრამის სადისკუსიო თემები ამ სიმბოლოს და მის შინაარსს დაეთმობა.

კვირეულის განმავლობაში გაიმართება პოეზიის საღამოები, პანელ-დისკუსიები, წიგნების წარდგენები, შეხვედრები საინტერესო ავტორებთან. თბილისის მე-7 საერთაშორისო ფესტივალის მონაწილე ავტორები არიან: ანდრი ლიუბკა (უკრაინა), მარტინ სოლოტრუკი (სლოვაკეთი), ჯესიკა ტრეინორი (ირლანდია), ჯონ ო’დონელი (ირლანდია), გრეტა ამბრაზაიტე (ლიტვა), დომინიკას ნორკუნასი (ლიტვა), სერგეი ტიმოფეევი (ლატვია), დმიტრი სტროცევი (ბელარუსი), არიანე ფონ გრაფენრიდი (შვეიცარია), იუსტინა ბარგელსკა (პოლონეთი), კშიშტოფ ჩიჟევსკი (პოლონეთი), ანდრეას ფლურაკისი (საბერძნეთი), ბერნჰარდ შლინკი (გერმანია), ტარა მაკდაუელი (ავსტრალია).

9 სექტემბერს  ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნება და ერთ-ერთი პირველი შეხვედრა უკრაინელ პოეტთან ანდრი ლიუბკასთან გაიმართება. პირველ საფესტივალო დღეს დაასრულებს პოეტური ღამე „შინ“, ყველა სტუმრის მონაწილეობით.

ტრადიციულად, წელსაც ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ერთი მემორიალური საღამო, რომელიც გამორჩეული ამერიკელი პოეტის, რობერტ დანქენის ცხოვრებასა და პოეზიას  მიეძღვნება.

ფესტივალი დასრულდება თანამედროვე ქართული პოეზიის მარათონით – მულტილოკაციური კითხვით მწერალთა სახლის სხვადასხვა სივრცეში.

თბილისის მეშვიდე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის მხარდამჭერები და პარტნიორები არიან: თბილისის მერია, შვეიცარიის საელჩოს საქართველოში, Prohelvetia, პოეზიის პლატფორმა Versopolis, ორგანიზაცია Literature Ireland, გოეთეს  ინსტიტუტი, ევროკავშირის ლიტერატურული პრემია და ორგანიზაცია Latvian Literature.

 

 

magti 5g