თბილისში ნაგვის გადამამუშავებელ ქარხანას შპს ,,კა დე ვე ჯორჯია“ ააშენებს.
როგორც “ფორტუნას” თბილისის მერიიდან აცნობეს, მერიის მიერ ერთი წლის წინ გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვას, რომელიც დედაქალაქში ნაგვის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობისათვის ინვესტიციების მოზიდვას ისახავდა მიზნად, ცამეტი კომპანია გამოეხმაურა. ინტერესთა გამოხატვის მიხედვით, უპირატესობა მიენიჭებოდა ისეთ კომპანიას, რომელიც არ მოითხოვდა გადასახადს ნარჩენის გადამუშავებისათვის, შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით, კონკურსის ბოლო ეტაპზე გადავიდა 2 კომპანია (შპს ,,კა დე ვე ჯორჯია“, შპს „GLOBAL GREEN ENERGY GROUP“).
“ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტაციის მიხედვით, მონაწილე კომპანიებს წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 90 დღეში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის უნდა წარმოედგინათ დეტალური ბიზნეს გეგმა და ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომელსაც განიხილავდა შესაბამისი უწყებათაშორისი კომისია. ასევე, კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანიებს მიეცათ რეკომენდაცია, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და დეტალური ბიზნეს გეგმა მოემზადებინათ დიდი ოთხეულის აუდიტორული კომპანიების მიერ (Deloitte, Ernst & Young, PricewaterhouseCoopers, KPMG)”- განმარტეს მერიაში.
მერიაში აცხადებენ, რომ კომპანია Green Energy-მ ვერ წარადგინა დასაბუთებული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, ამასთან, ბიზნეს გეგმა არ იყო შესრულებული დედაქალაქის მერიის მოთხოვნის შესაბამისად.
“აღსანიშნავია, რომ Green Energy-ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ვერც იმას ადასტურებდა, თუ როგორ, რა ფინანსური წყაროებით შეძლებდა კომპანია 600 მილიონი ევროს ინვესტირებას დედაქალაქში, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოდგენაზე კომპანიას კომისიამ არაერთხელ მიმართა,”- განაცხადეს თბილისის მერიაში.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე, უწყებათაშორისმა კომისიამ უპირატესობა მიანიჭა ინტერესთა გამოხატვაში მონაწილე მეორე კომპანიას – ,,კა დე ვე ჯორჯია“-ს, რომელიც დედაქალაქში ნაგის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას განახორციელებს.
ამ დროისათვის, გამარჯვებული კომპანიის მიერ წარმოდგენილი პროექტი გადაგზავნილია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, რათა მომზადდეს გარემოზე ზემოქმედების ანგარიში, რის შემდეგაც დაიწყება პროექტის განხორციელება.