რამდენიმე დღეში თბილისში ანტიოკუპაციური ტაქსი იმოძრავებს.
იდეა მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ეკუთვნის. საქართველოს სახელმწიფო დროშისა და რუსული ოკუპაციის მთავარი ატრიბუტის – მავთულხლართების კომბინაციით გაფორმებული ტაქსის მთავარი დანიშნულება საინფორმაციო-შემეცნებითი და საქველმოქმედო იქნება.
ტაქსი დადგენილი სატარიფო ნიხრის გარეშე იმოძრავებს და ნებისმიერ მგზავრს ექნება საშუალება, მგზავრობის საფასური საკუთარი სურვილისამებრ განსაზღვროს.
გადახდილი თანხა ორგანიზაცია „ძალა ერთობაშია“ სამოქალაქო-საპატრულო ჯგუფის მისიის შეუფერხებლად შესრულებას, ასევე შიდა ქართლის საოკუპაციო ზოლზე მცხოვრები სიღარიბის ზღვარზე მყოფი მოქალაქეების დახმარებას, საოკუპაციო ზოლში მდებარე სკოლების სპორტული ინვენტარით აღჭურვას მოხმარდება.
ტაქსის სალონში დამონტაჟდება ვიდეომონიტორი, სადაც ნაჩვენები იქნება რუსული აგრესიისა და ოკუპაციის ამსახველი კლიპები, მძღოლები კი „ძალა ერთობაშია“ წევრები იქნებიან, რომლებიც მგზავრების სურვილის შემთხვევაში, მათთან რუსულ საფრთხეებზე და ოკუპაციის პრობლემებზე ისაუბრებენ.
კვირაში ერთხელ ტაქსის მგზავრებს საზოგადოების ცნობილი სახეები – მსახიობები, სპორტსმენები და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები, მოემსახურებიან.
დაგეგმილია პირდაპირი ეთერები „ფეისბუკზე“, სადაც შეიქმნება სპეციალური გვერდი „ანტისაოკუპაციო ტაქსი“.