LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ბინის ყიდვა გაიაფდა, დაქირავება კი გაძვირდა: რა ხდება უძრავი ქონების ბაზარზე?

189

2016 წელს ქართული უძრავი ქონების ბაზარი მნიშვნელოვნად გაიზარდა (წინა წელთან შედარებით 20.2%-ით) და გაყიდვების რაოდენობამ 89 120 ერთეულს მიაღწია, პარალელურად, 37.5%-ით გაიზარდა თბილისის უძრავი ქონების ბაზარიც, რომლის წილმა ქვეყნის მასშტაბით უძრავი ქონების გაყიდვებში 38.6% შეადგინა. დედაქალაქში 2016 წელს 34 440 გაყიდვის ტრანზაქცია დაფიქსირდა, თვეებს შორის კი განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა დეკემბერი (3 593 ტრანზაქცია). ამის შესახებ აღნიშნულია ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის, JumpStart-ისა და ”თიბისი ბანკის” ერთობლივი პროექტის – უძრავი ქონების ლაბორატორიის (REM lab) ფარგლებში გამოქვეყნებულ მეოთხე პუბლიკაციაში.

პუბლიკაციაში წერია, რომ თბილისის გაუთვალისწინებლად, 2016 წელს ქართული უძრავი ქონების ბაზარი 11.3%-ით გაიზარდა. ამასთან, ქვეყნის რეგიონებს შორის უძრავი ქონების გაყიდვებში მაღალი წილით გამოირჩეოდა კახეთი (12.0%) და აჭარა (9.6%).

”დედაქალაქის რაიონებს შორის უძრავი ქონების ბაზარზე დომინირებდა ვაკე, საბურთალო და სამგორი, რომელთა წილად ტრანზაქციების თითქმის ნახევარი მოდიოდა. 2016 წელს ყველაზე მეტი გაყიდვა ვაკეში (6 892 ერთეული, თბილისის გაყიდვების 20.0%) დაფიქსირდა, მეორე და მესამე ადგილებს კი შესაბამისად საბურთალო (5 909 ერთეული, 17.2%) და სამგორი (3 748 ერთეული, 10.9%) ინაწილებდნენ.

2016 წელს ახალი უძრავი ქონების მიწოდება (დასრულებული მშენებლობების რაოდენობა და მოცულობა) თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე მნიშვნელოვნად გაიზარდა: ახალი შენობების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 42.7%-ით გაიზარდა და 765 ერთეული შეადგინა (604 საცხოვრებელი უძრავი ქონება, 161 კომერციული უძრავი ქონება). ახალი შენობების მოცულობა წინა წელთან შედარებით 65.4%-ით გაიზარდა და 1.44 მილიონი კვ.მ შეადგინა (1.16 მილიონი კვ.მ საცხოვრებელი უძრავი ქონება, 0.28 მილიონი კვ.მ კომერციული უძრავი ქონება).

2016 წლის დეკემბერში საცხოვრებელი ქონების გაყიდვის ფასის ინდექსი წინა წელთან შედარებით 3.8%-ით შემცირდა, ხოლო ქირის ფასის ინდექსი 2.1%-ით გაიზარდა. ამასთან, 1 კვ.მ საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვის საშუალო ფასმა 866 აშშ დოლარი, ხოლო ქირის საშუალო ფასმა 7.20 აშშ დოლარი შეადგინა. 2016 წელს კვლავ მთაწმინდა რჩებოდა დედაქალაქის ყველაზე ძვირ რაიონად როგორც გაყიდვის საშუალო ფასის (1 033 აშშ დოლარი), ისე ქირის საშუალო ფასის (8.37 აშშ დოლარი) მიხედვით; ყველაზე იაფი რაიონი გაყიდვის საშუალო ფასის მიხედვით იყო სამგორი (547 აშშ დოლარი), ხოლო ქირის ფასის მიხედვით – გლდანი (4.52 აშშ დოლარი).

დეკემბრის თვეში (წინა წელთან შედარებით) შემცირდა კომერციული ქონების გაყიდვის ფასის (11.7%-ით) და იჯარის ფასის (12.5%-ით) ინდექსები. ამასთან, 1 კვ.მ კომერციული უძრავი ქონების გაყიდვის საშუალო ფასი 1 087 აშშ დოლარის, ხოლო იჯარის საშუალო ფასი – 10.28 აშშ დოლარის დონეზე დაფიქსირდა”, – წერია უძრავი ქონების ლაბორატორიის (REM lab) ფარგლებში გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g