აზიის განვითარების ბანკმა და შპს „ოპტიმამ“ ხელი მოაწერეს 10 მილიონი დოლარის ოდენობის სესხს, საქართველოს დედაქალაქში ხელმისაწვდომი და მდგრადი საცხოვრებელი სახლების განვითარების მიზნით.
აზიის განვითარების ბანკის ინფორმაციით, სესხი დააფინანსებს დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე მოსახლეობაზე გათვლილ 3700 ხელმისაწვდომი და ენერგოეფექტური სახლისგან შემდგარ ორ საცხოვრებელ კომპლექსს. მათვე ცნობით, აღნიშნული სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად კერძო სექტორზე გაცემული ADB-ის პირველი სესხია.
როგორც ADB-ის კერძო სექტორის ოპერაციების დეპარტამენტის დირექტორმა ინფრასტრუქტურის დაფინანსების მიმართულებით სამხრეთ, ცენტრალურ და დასავლეთ აზიაში შანტანუ ჩაკრაბორტიმ აღნიშნა, პროექტი მიზნად ინახავს თბილისში ხელმისაწვდომი საცხოვრებლის მოდერნიზებას პროექტირებაში ინკლუზიურობის, გენდერისა და უნივერსალური წვდომის სტანდარტების გათვალისწინებით.
„ეს განვითარების პროექტი წარმოადგენს დემონტრირებას, თუ როგორაა შესაძლებელი საქართველოსა და მთელ რეგიონში ხელმისაწვდომი და ხარისხიანი სახლების მშენებლობა დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე მოსახლეობისთვის“,-აღნიშნა ჩაკრაბორტიმ.
ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში შეინ როზენტალი აცხადებს, რომ სახლები იქნება ხელმისაწვდომი, ენერგოეფექტური და კარგად აშენებული, რაც ხანდაზმულებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირებს, ქალებსა და ბავშვებს სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფს.
ცნობისთვის, თბილისში სახლების 80%-ზე მეტი საბჭოთა კავშირის დროს, ან მანამდეა აშენებული. ძველ საცხოვრებელ კორპუსებს აკლია სარეკრეაციო ადგილები, ავტოსადგომები და ლიფტები. ასევე საზოგადოებრივ ადგილებზე წვდომა მოხუცების, შშმ პირების, ქალებისა და ბავშვებისთვის არ არის მაღალი სტანდარტით წარმოდგენილი.