LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”თელავის ღვინის მარანის” ცქრიალა ღვინო ბაზარზე ივნისში გამოჩნდება

291

ღვინის მწარმოებელი კომპანია ”თელავის ღვინის მარანი” ცქრიალა ღვინის გამოშვებისთვის ემზადება.  როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დირექტორმა,  ზურაბ რამაზაშვილმა განუცხადა, ახალი პროდუქცია ბაზარზე მიმდინარე წლის ივნისიდან გამოჩნდება.

”ამ ეტაპზე მიმდინარეობს საწარმოში ტექნოლოგიური ხაზის ინსტალაცია, პროდუქტი კი მზად ზაფხულის პირველ თვეში იქნება.  თავდაპირველად ვაპირებთ ცქრიალა ღვინის 4-5 დასახელების წარმოებას. რაც შეეხება კონკურენტუნარიანობას, ჩვენი პროდუქცია ყოველთვის მოთხოვნადია ბაზარზე. შესაბამისად, ველით რომ ჩვენთან წარმოებულ ცქრიალა ღვინოზეც მოთხოვნა დიდი იქნება,”- განაცხადა რამაზაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, კომპანიამ ვენახის წვეთოვანი მორწყვის სისტემა დანერგა, რაც გულისხმობს  მთლიან ვენახში, თითო ვაზთან მიყვანილ თითო მილს, რომელიც მას ინდივიდუალურად რწყავს. ”ამ ეტაპზე მილების ინსტალაციის პროცესი მიმდინარეობს და საქმის ნახევარზე მეტი უკვე გაკეთებულია”,- განმარტა კომპანიის დირექტორმა.

როგორც რამაზაშვილმა აღნიშნა, კომპანია უახლოეს მომავალში უფრო ფართომასშტაბიანი პროექტების განხორციელებას გეგმავს.  თუმცა,   ”თელავის ღვინის მარანის”  მფლობელი  სამომავლო გეგმებზე საუბრისგან დროებით  თავს იკავებს.

„თელავის ღვინის მარანი“ 1915 წელს დაარსდა. ამჟამად კომპანია ოთხი ბრენდის დასახელების ალკოჰოლურ სასმელს აწარმოებს.  პროდუქციის ექსპორტი ხორციელდება მსოფლიოს 26 ქვეყანაში, მათ შორის, პოსტსაბჭოთა ქვცეყნებში, პოლონეთში, ინგლისში, გერმანიაში, ჰოლანდიაში, აშშ-ში, კანადაში, სინგაპურში, იაპონიაში და ჩინეთში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები