LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla-მა უპილოტო ტაქსი გზაზე გაუშვა. მაგრამ არის ერთი ნიუანსი

103
Tesla-მა უპილოტო ტაქსი გზაზე გაუშვა. მაგრამ არის ერთი ნიუანსი

Tesla-მ რობოტაქსის სერვისი ტეხასში ჩუმად აამუშავა, თუმცა ამ ეტაპზე ავტომობილში ადამიანი მაინც იმყოფება. ათზე მეტი სპეციალურად აღჭურვილი Model Y ოსტინის ქუჩებში გამოვიდა. სტარტი საკმაოდ ჩუმი იყო: საქმე ისაა, რომ მგზავრის გვერდით ყოველთვის ზის ადამიანი და ამ ტიპის ტაქსის შეკვეთა მხოლოდ მომხმარებელთა შეზღუდულ რაოდენობას შეუძლია – მათ, ვინც სპეციალური მოწვევა მიიღო.

დაახლოებით ათეული  უპილოტო Model Y მოძრაობს ტერიტორიაზე, რომელიც დაახლოებით 80 კვადრატული კილომეტრით არის შეზღუდული. ავტომობილები  ავტოპილოტის რეჟიმში გადაადგილდებიან, თუმცა შიგნით  ოპერატორიც იმყოფება. ის არ ზის მძღოლის ადგილას, არამედ მგზავრის სკამზეა მოთავსებული – რაც ფორმალურად ნიშნავს, რომ ავტომობილს მძღოლი არ ჰყავს. ამავდროულად, რობოტაქსის მუშაობას დისტანციურადაც აკვირდებიან.

ამ დროისთვის ტაქსის ფასი ფიქსირებულია – 4.2 დოლარი ერთ მგზავრობაზე. Robotaxi-ს შეკვეთა შესაძლებელია დილის 6 საათიდან ღამის 12-მდე, კვირის ყველა დღეს, თუმცა მხოლოდ კარგ ამინდში. რა მოხდება, თუ გზაში ქარიშხალი ან თავსხმა წვიმა დაიწყება – ამაზე ჯერჯერობით არაფერი ცნობილია.

პირველი მომხმარებლების თქმით, სერვისი სხვა ანალოგიური სისტემების მსგავსად მუშაობს. მგზავრობის შეკვეთა შესაძლებელია Robotaxi-ს აპლიკაციით. ჩაჯდომისას, უკანა სავარძლებისთვის განკუთვნილ ეკრანზე გამოჩნდება ინფორმაცია დანიშნულების ადგილისა და მისვლის სავარაუდო დროის შესახებ. იმავე ეკრანით შესაძლებელია აუდიო სისტემის მართვაც.

როგორც ჩანს, Tesla ჯერჯერობით ცდილობს თავიდან აიცილოს საზოგადოების ყურადღება, რადგან ნებისმიერი გაუმართაობა მწვავე კრიტიკის მიზეზად შეიძლება იქცეს. ეს კი ამჟამად განსაკუთრებით საზიანოა კომპანიისთვის, რომლის იმიჯიც ისედაც ვერაა კარგ დღეში, სულ უფრო ნაკლები ადამიანი მიიჩნევს Tesla-ს „ტოპ“ბრენდად და მის მიმართ დამოკიდებულება უარესდება ყველა მთავარ ბაზარზე – ამერიკაში, ევროპასა და ჩინეთში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები