ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაწყებული მასობრივი შიმშილობა ისედაც რთულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს. როგორც ტიკარაძემ დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ყოველთვის არსებობს დიალოგის რესურსი და მნიშვნელოვანია პოლიტიკაში მყოფი პირები დიალოგს მიმართავდნენ.
„მასობრივ შიმშილობას რაც შეეხება, როგორც მაშინ, ასევე, ახლაც, მესმის, რომ გარკვეული პროტესტის სახე არის დემოკრატიის ერთ-ერთი ნიშანი საზოგადოებაში და სახელმწიფოში. მესმის, რომ ადამიანები ცდილობენ გარკვეული დაძაბულობის შემოტანას იმისთვის, რომ მეტი ყურადღება მიიქციონ ამ პროცესში, თუმცა, ნამდვილად მივიჩნევ, რომ ყოველთვის არსებობს დიალოგის რესურსი და მნიშვნელოვანია პოლიტიკაში მყოფი პირები მიმართავდნენ დიალოგს და არა სხვადასხვა ფორმის საპროტესტო აქციებს, რომელიც ართულებს ქვეყანაში ისედაც არსებულ პანდემიურ სიტუაციას“, – განაცხადა ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მასობრივი შიმშილობა დაიწყეს. 21 დეკემბერს პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ შიმშილობა უვადოდ გაგრძელდება მანამ, სანამ „ისტორიული უსამართლობა არ აღმოიფხვრება“.
ნიკა მელიას განცხადებით, მასობრივ საპროტესტო შიმშილობას 300-ზე მეტი ადამიანი იწყებს