LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

TikTok აშშ-ში მუშაობას გააგრძელებს: მრავალთვიანი გაურკვევლობის შემდეგ ინვესტორებთან შეთანხმება შედგა

130
5

კომპანია TikTok-მა გააფორმა შეთანხმებები სამ მსხვილ ინვესტორთან – Oracle, Silver Lake და MGX, ახალი ერთობლივი საწარმოს, TikTok US-ის, შექმნის შესახებ, რაც პოპულარულ სოციალურ ვიდეო პლატფორმას საშუალებას მისცემს აშშ-ში მუშაობა გააგრძელოს.

გარიგება მნიშვნელოვანი ეტაპი გახდა მოკლე ვიდეოების აპლიკაციისთვის, რომელსაც რეგულარულად 170 მილიონზე მეტი ამერიკელი იყენებს. 

შეთანხმება 22 იანვარს უნდა დაიხუროს – ამის შესახებ ნათქვამია შიდა წერილში, რომელიც Associated Press-ის განკარგულებაში აღმოჩნდა. შეტყობინებაში კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა შოუ ზი ჩუმ თანამშრომლებს დაუდასტურა, რომ ByteDance-მა და TikTok-მა კონსორციუმთან სავალდებულო შეთანხმებებს მოაწერეს ხელი.

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაგიხადოთ ერთგულებისა და დაუღალავი შრომისთვის. თქვენი ძალისხმევის წყალობით ჩვენ უმაღლეს დონეზე ვმუშაობთ, ხოლო TikTok აგრძელებს ზრდასა და განვითარებას აშშ-ში და მთელ მსოფლიოში“, – დაწერა ჩუმ თანამშრომლებისთვის გაგზავნილ წერილში.

„ამ შეთანხმებებით ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ფოკუსი იმაზე, რაც ყოველთვის იყო მთავარი – ჩვენი მომხმარებლების, შემქმნელების, ბიზნესისა და TikTok-ის გლობალური საზოგადოების მიზნების შესრულებაზე“.

ახალი ერთობლივი საწარმოს TikTok US-ის აქციების 50% ინვესტორთა ჯგუფს ეკუთვნის – მათ შორის არიან Oracle, Silver Lake და არაბთა გაერთიანებული საამიროების საინვესტიციო კომპანია MGX.  თითოეული 15%-იან წილს მიიღებს.

ახალი აპლიკაციის 19,9% თავად ByteDance-ს ექნება, ხოლო კიდევ 30,1% ByteDance-ის არსებული ინვესტორების აფილირებულ პირებს გადაეცემათ – ნათქვამია მემორანდუმში.

დოკუმენტში არ არის დაკონკრეტებული სხვა ინვესტორების ვინაობა. TikTok-მაც და თეთრმა სახლმაც კომენტარზე უარი განაცხადეს.

ამერიკულ საწარმოს ეყოლება ახალი, შვიდ წევრიანი დირექტორთა საბჭო, რომლის უმრავლესობას ამერიკელები შეადგენენ. მემორანდუმის თანახმად, მასზე გავრცელდება პირობები, რომლებიც „იცავს ამერიკელთა მონაცემებს და აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას“.

ამერიკელი მომხმარებლების მონაცემები შეინახება ლოკალურად, Oracle-ის მიერ მართულ სისტემაში. მემორანდუმში აღნიშნულია, რომ ამერიკელი მომხმარებლები გააგრძელებენ „იმავე გამოცდილებით სარგებლობას, რაც დღეს აქვთ“, ხოლო რეკლამის განმთავსებლები კვლავ შეძლებენ გლობალურ აუდიტორიასთან მუშაობას გარიგებისგან უარყოფითი შედეგების გარეშე.

TikTok-ის ალგორითმი გადამზადდება ამერიკელი მომხმარებლების მონაცემებზე, რათა „უზრუნველყოფილი იყოს, რომ კონტენტი არ ექვემდებარებოდეს გარე მანიპულაციებს“. ამერიკული საწარმო ასევე იქნება პასუხისმგებელი ქვეყნის შიგნით კონტენტის მოდერაციასა და პოლიტიკაზე.

ადრე ამერიკელი ოფიციალური პირები აფრთხილებდნენ, რომ ByteDance-ის ალგორითმი დაუცველია ჩინეთის ხელისუფლების მხრიდან შესაძლო მანიპულაციების მიმართ, რომელთაც შეეძლოთ პლატფორმაზე კონტენტის ფორმირება ისე, რომ ამის აღმოჩენა რთული ყოფილიყო.

ალგორითმი TikTok-ის უსაფრთხოების გარშემო მიმდინარე დებატების ცენტრალური საკითხი იყო. ჩინეთი ადრე ამტკიცებდა, რომ ალგორითმი კანონის თანახმად ჩინეთის კონტროლქვეშ უნდა დარჩენილიყო.

გარიგება ასრულებს მრავალწლიანი გაურკვევლობის პერიოდს, აშშ-ში TikTok-ის მომავალთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც კონგრესმა ფართო ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო და პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც TikTok-ს აშშ-ში აკრძალავდა, თუ ის ჩინურ ByteDance-ს ახალ მფლობელს არ იპოვიდა, პლატფორმა კანონით განსაზღვრულ ვადაში – 2025 წლის იანვარში უნდა გათიშულიყო.

რამდენიმე საათის განმავლობაში მართლაც მოხდა ასე . თუმცა თავისი პრეზიდენტობის პირველივე დღეს, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელმაც პლატფორმის მუშაობა გააგრძელა, სანამ მისი ადმინისტრაცია კომპანიის გაყიდვის შესახებ შეთანხმებას ცდილობდა.

ამის შემდეგ ტრამპმა კიდევ სამი აღმასრულებელი განკარგულება გამოსცა, იურიდიული საფუძვლების არსებობის გარეშე და TikTok-ს სიცოცხლე გაუხანგრძლივა.

მეორე მცდელობა აპრილში დაფიქსირდა, როდესაც თეთრი სახლის ოფიციალური პირები მიიჩნევდნენ, რომ ახლოს იყვნენ TikTok-ის ამერიკული მონაწილეობით ახალი კომპანიის გამოყოფასთან, თუმცა ეს შეთანხმება ჩაიშალა მას შემდეგ, რაც ტრამპის მიერ ტარიფების გამოცხადების შემდეგ ჩინეთმა გარიგებაზე უარი თქვა.

მესამე შეთანხმება ივნისში შედგა, შემდეგ კი კიდევ ერთი – სექტემბერში, რომელიც, ტრამპის თქმით, TikTok-ს აშშ-ში მუშაობის გაგრძელების საშუალებას მისცემდა ეროვნული უსაფრთხოების მოთხოვნების გათვალისწინებით.

TikTok-ს აშშ-ში 170 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. Pew Research Center-ის ანგარიშის მიხედვით, რომელიც ამ შემოდგომაზე გამოქვეყნდა, 30 წლამდე ამერიკელების დაახლოებით 43% აცხადებს, რომ რეგულარულად იღებს ახალ ამბებს TikTok-დან – რაც მეტია, ვიდრე ნებისმიერი სხვა სოციალური ქსელის მაჩვენებელი, მათ შორის YouTube-ის, Facebook-ის და Instagram-ის.

გარიგების გამოცხადების შემდეგ Oracle-ის აქციები 9,07 დოლარით (5%-ით) გაიზარდა და 189,10 დოლარს (€161,46) მიაღწია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g