2 და 3 მაისს თუმანიშვილის თეატრში „ფედრას FOLLOWERS“ – ის პრემიერა გაიმართება.
სპექტაკლის მთავარი სათქმელი საზოგადოებასა და პიროვნებას შორის
დაპირისპირებაა, რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ადამიანი
საზოგადოებრივ აზრს და რამდენად დამოკიდებული ხდება მასზე. სპექტაკლი
საუბრობს სოციალურ ქსელზე და მასზე დამოკიდებულებაზე — იმაზე, თუ როგორ
შეგვიძლია დავივიწყოთ საკუთარი ცხოვრება და სხვისი ცხოვრებით ვიცხოვროთ,
როგორ ვიქცევით ბრბოს ნაწილად.
სოციალური ქსელის მიერ წაქეზებული ბრბოს ხმა ხშირად უფრო ძლიერია, ვიდრე
ინდივიდის ფიქრი. რაც უფრო ნაკლებს ფიქრობ, მით უფრო მარტივია იყო
მართული. ბრბო ხმაურიანია, მაგრამ ვერავინ არკვევს, რას ამბობს ის
სინამდვილეში და არც არავის აინტერესებს.
მიუხედავად ამისა, ამ ბრბოს შეუძლია ადამიანი მიიყვანოს თვითმკვლელობამდე ან მკვლელობამდე, დაკმაყოფილდეს მიღწეულით და მალევე დაივიწყოს ყველაფერი.
ტრაგედია, რომელიც მესამე პირით არის მოყოლილი, ტკივილს ნაკლებად
გვაყენებს. სხვისი უბედურება ეკრანზე, კომენტარებში და ახალ ამბებში ნელ-ნელა
კარგავს ემოციურ სიმძაფრეს და გადაიქცევა აბსტრაქტულ მოვლენად.
რეჟისორი და დრამატურგი: თამარ აზნარაშვილი
კოსტიუმების მხატვარი : ანა ბერიშვილი
სცენოგრაფი : თამარ პაჭკორია
კომპოზიტორი : სანდრო ნიკოლაძე
ქორეოგრაფი : მიშა ზაქაიძე
ტექნიკური რეჟისორი : სოფიო ორჯონიკიძე
რეჟისორის ასისტენტი : თამარ სესიაშვილი
მონაწილეობენ:
ნინო ბურდული, გივი ჩუგუაშვილი, ირაკლი ჩოლოყაშვილი, მარიამ ნადირაძე,
ლუკა ჩიბუხაია, მარიამ მონიავა, სალომე ჭულუხაძე, ანი ალადაშვილი, ამირან
ქაჩიბაია, ლილე მენთეშაშვილი, ქრისტინე კაპანაძე, გიორგი სალდაძე

