საქართველოს პრემიერ მინისტრი აჭარაში სასტუმროებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. გიორგი გახარიამ ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელთან ერთად რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილა და განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებული კრიზისის გაგრძელებამ მთავრობისგან დამატებითი ნაბიჯების გადადგმა მოითხოვა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ მოვლენების განვითარებასთან ერთად ფრთხილი სვლები გააკეთა, თუმცა არსებული კრიზისული სიტუაციის დასასრულს პრემიერი ვერ პროგნოზირებს. მისივე განცხადებით, ქვეყნისთვის ტურიზმი მნიშვნელოვანია, რომელიც უნდა ამუშავდეს.
„სამწუხაროდ, დღეს ყველა მიმართულებით გარკვეული პრობლემა გვაქვს. ამიტომ ტურიზმი არის ის მიმართულება, რომელიც ნელ-ნელა უნდა ავამუშაოთ და აქ უნდა ვიყოთ ერთ-ერთი პირველები“, – განაცხადა პრემიერმა.
გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობა ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციასთან მჭიდროდ თანამშრომლობს და მათთან ერთად მიმდინარეობს ახალი წესების შემუშავება. არსებობს რამდენიმე კონკრეტული ეტაპი, სადაც ვირუსის საწინააღმდეგო ზომების დაცვა აუცილებელია.
„ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ერთად სულ მალე შეიმუშავებს კონკრეტულ წესებს, როგორ შეიძლება, რომ ტურიზმი და საერთოდ მოგზაურობა გაიხსნას. რამდენიმე კრიტიკული წერტილია. რა თქმა უნდა, ეს არის საზღვარი და კონტროლი საზღვარზე, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო მიმოსვლისას. შემდეგ მოყვება, რა თქმა უნდა, ტრანსპორტი და სასტუმრო. ეს ის მინიმალური და აუცილებელი ეტაპებია, სადაც „კოვიდის“ საწინააღმდეგო ზომები და წესები უნდა დავიცვათ“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
პრემიერი აცხადებს, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში კორონავირუსითან ერთად ცხოვრება მოგვიწევს და მოქალაქეებმა ადაპტაცია უნდა გაიარონ. თუმცა არ უნდა გაჩერდეს ცხოვრება და ეკონომიკა უნდა გაიხსნას. ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებად მას ტურიზმის დარგი მიაჩნია და აცხადებს, რომ წესების დაცვის შემთხვევაში საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა გახდება, რომელიც დაიწყებს ტურიზმის ეტაპობრივად გახსნას.
გიორგი გახარიას ჩასვლას აჭარაში “მზეც მოჰყვა და ღრუბელიც”. რამდენიმედღიანი უამინდობის შემდეგ თითქმის მთელ საქართველოში და მათ შორის აჭარაშიც გამოიდარა, ხოლო რაც შეეხება “შავ ღრუბელს” – რეგიონში დღეს კორონავირუსის კიდევ ერთი გარდაცვალება დაფიქსირდა. პრემიერმა გარდაცვლილი პაციენტის გამო მწუხარება გამოთქვა და აღნიშნა, რომ მიუხედავად ექიმების ძალისხმევისა, 81 წლის მოქალაქის გადარჩენა მაინც ვერ მოხერხდა.
„ორ ფრონტზე ვიბრძვით, პირველ რიგში ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლეა. დიდი მწუხარებით უნდა ვთქვათ, რომ კიდევ ერთი დანაკლისი გვაქვს, კიდევ ერთი ადამიანი დავკარგეთ. აჭარის რეგიონის მკვიდრი, ქობულეთის კლასტერიდან 81 წლის მოქალაქე, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს, მაინც გარდაიცვალა. როგორც ჩანს, ჩვენ მოგვიწევს გარკვეული პერიოდი ვირუსთან ერთად ცხოვრება, უნდა ვისწავლოთ როგორ გავუმკლავდეთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.