პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის საკითხს ეხმიანება და აცხადებს რომ ვითარება უცნაურია, რადგან სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ექიმებზე მეტად პოლიტიკოსები აქტიურობენ.
სერგეენკოს თქმით, მნშვნელოვანია, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე იზრუნონ სწორედ ექიმებმა და არა პოლიტიკოსებმა:
“სულ მცირე, უცნაური მდგომარეობა ჩამოყალიბდა, როდესაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხებზე პოლიტიკოსები უფრო აქტიურობენ და მაღალ მოთხოვნებს აყენებენ, ვიდრე ექიმები.
მგონია, რომ ყველაზე გადამწყვეტია, სამოქალაქო და სასჯელაღსრულების ექიმები ერთად დასხდნენ და პოზიციაში შეჯერდენენ, რადგან, საბედნიეროდ, როგორც სასიცოცხლო პარამეტრები, ასევე ლაბორატორიული ინსტრუმენტები, ტესტების პასუხები არის თვლადი და ორმაგ ინტერპრეტაციას ვერ გააკეთებ. მგონია, რომ მნიშვნელოვანია, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე იზრუნონ ექიმებმა და არა პოლიტიკოსებმა.
დაწესებულების ექიმი ამბობს, რომ მასზე ზრუნვა მიმდინარეობს და ყველაფერი კონტროლდება. პოლიტიკური საკითხები გვერდზე უნდა გადაიდოს და ექიმები ერთმანეთში უნდა შეჯერდნენ, ამის გაკეთება რთული არ იქნება, თუ ამის ნება იარსებებს და პოლიტიკური ნაწილი ჩამოცილდება.” – განაცხადა მან.
სერგეენკო ასევე გამოეხმაურა იმ ოპოზიციონერი დეპუტატების შიმშილობას, რომლებმაც ამის გადაწყვეტილება გუშინ მიიღეს. მისი თქმით, დეპუტატებმა შიმშილობა უნდა შეწყვიტონ და ექიმებს აცადონ იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელიც სააკაშვილისთვის არის საუკეთესო:
“რაც შეეხება მოშიმშილე დეპუტატებს, არ მინდა, მოშიმშილე ადამიანებზე რაიმე შეფასება გავაკეთო, მათ ვუსურვებ, რომ შიმშილობა შეწყვიტობ. სულ მცირე პარადოქსია ჩამოყალიბებული, როცა პოლიტიკოსები უფრო აქტიურობენ ჯანდაცვის საკითხებით, ვიდრე ექიმები. დეპუტატებმა შიმშილობა უნდა შეწყვიტონ და ექიმებს აცადონ, შეჯერებული გადაწყვეტილება მიიღონ, რომელიც სააკაშვილისთვის საუკეთესოა. ის პოლიტიკოსები, რომლებიც კატეგირიულად ითხოვენ, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას, მათი არც თუ მცირე ნაწილი უფრო პოლიტიკურ შემადგენელს უყურებს და მოლოდინი აქვთ, რომ მისი გადაყვანით, პოლიტიკური პროტესტები გააქტიურდება, ამ დროს მის ჯანმრთელობაზე უნდა ვიზრუნოთ.” – თქვა დავით სერგეენკომ.