ტრიბეკას კინოფესტივალზე მაილი საირუსის ფილმის – Something Beautiful პრემიერა შედგა. პრეზენტაციას არტისტი მუსიკალური ფილმის შემოქმედებით ჯგუფთან ერთად დაესწრო.
წარდგენამ ხმაურის ფონზე ჩაიარა. ქსელში გავრცელდა კადრები, რომლებშიც უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილი საირუსია აღბეჭდილი. ვიდეოში დარბაზიდან შეძახილები ისმის. აუდიტორიის პროტესტი გაუგებრობას მოჰყვა.
,,ჩვენ 800 დოლარი გადავიხადეთ, იმღერე!; აპირებ თუ არა სიმღერას?!; გვეგონა კონცერტი იქნებოდა!” – მიმართავდა პუბლიკა მომღერალს.
აღმოჩნდა, რომ დარბაზში მსხომთა უმრავლესობამ ვერ გაიგო სად იმყოფებოდა. პუბლიკის ნაწილი მომღერლის კონცერტს ელოდა, რაც შეცდომა იყო. წერენ, რომ უზუსტობა ორგანიზატორების ბრალია, რადგან მათ ივენთის შესახებ არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს.
მომხდარს დიდი გამოხმაურება მოჰყვა ინტერნეტში. საზოგადოება მაილის მხარდაჭერას უცხადებს და მას სიტუაციის მართვასა და სიმშვიდის შენარჩუნებას უწონებს, პროტესტანტებს კი უპატივცემულობის გამოხატვაში ადანაშაულებს.
ცალკე აღნიშვნას იმსახურებს მომენტი, როცა მუსიკოსმა სიტუაციის განმუხტვა საკუთარ თავზე აიღო და 2009 წლის სიმღერა – The Climb ექსპრომტად და ცოცხალად შეასრულა.
მაილი საირუსის მუსიკალურ ფილმში ნაომი კემპბელი მონაწილეობს
შეგახსენებთ, რომ 30 მაისს, მაილი საირუსმა მეცხრე სტუდიური ალბომი – Something Beautiful გამოუშვა, რომელსთვისაც ამავე სახელწოდების მუსიკალური ფილმიც გადაიღო. ვიზუალური ნამუშევრის ჩვენება მხოლოდ ერთი ღამით, 12 ივნისს, აშშ-ისა და კანადის კინოთეატრებში, ხოლო საერთაშორისოდ, 27 ივნისს გაიმართება.