„სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია უკრაინამ განახორციელა“, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათ კონფლიქტის ზონიდან საქართველოს, პერუსა და უკრაინის მოქალაქეები, ჯამში 138 ადამიანი გამოიყვანეს. მათ შორის 35 ქალი და 12 ბავშვი.
„დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა, უკრაინის პრეზიდენტის ოფისთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით, სუდანის დედაქალაქის, ომით განადგურებული ხარტუმიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის, წარმატებული სამაშველო ოპერაცია ჩაატარა.
უწყვეტი ბრძოლის, „დუმილის“ რეჟიმის დაუცველობის, საკვების, წყლისა და აღჭურვილობის ნაკლებობის პირობებში, უკრაინის 87 მოქალაქის, ძირითადად ავიაციის სპეციალისტების – პილოტების, ტექნიკოსებისა და მათი ოჯახის წევრების ევაკუაცია მოხდა.
ასევე, ევაკუირებული იქნა საქართველოსა და პერუს მოქალაქეები“, – ნათქვამია უკრაინის თავდაცვის უწყების ოფიციალურ განცხადებაში.
მათივე ცნობით, ყველა ევაკუირებული უსაფრთხო ადგილას, ეგვიპტეში იმყოფება. ისინი მომარაგებულები არიან სამედიცინო ნივთებით, საკვებითა და წყლით.
შეგახსენებთ, რომ დღეს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ სუდანიდან საქართველოს მოქალაქეებს ევაკუაციის პირველი ეტაპი დასრულდა.
„ფორტუნა“ დამატებითი დეტალებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც მოკლე კომენტარით შემოიფარგლნენ და გვითხრეს, რომ „სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა ქართული მხარის ძალისხმევითა და დაგეგმვით მოხდა“.