სენაკში, 15 წლის გიორგი ახალ წელს ახდენილი ოცნებით შეხვდა. საქმე ისაა, რომ წინასაახალწლო დღეებში პატრულირებაზე მყოფ პოლიციის თანამშრომლებთან მოულოდნელი შეხვედრის დროს გიორგიმ მათ უთხრა, რომ ახალი წლის არ სჯეროდა. მოგვიანებით, სამართალდამცველებმა საკუთარი ხელით მოურთეს მოზარდს ნაძვის ხე და სხვადასხვა საჭირო ნივთებითაც დაასაჩუქრეს.
ფაქტის შესახებ წერს ადგილობრივი ეთო კუჭავა, რომელიც პოლიციელების ოჯახში მისვლის ფაქტს შეესწრო.
„15 წლის გიორგის ჩემი მეგობრების უმეტესობა კი იცნობთ. რამდენიმე დღის წინ მეზობლის ბავშვებისთვის უთქვამს რაც თავი მახსოვს, ჩვენ სახლში ნაძვის ხეც არ დაგვიდგამს და თოვლის ბაბუის ხო საერთოდ როცა უნდა დამეჯერებინა, მაშინაც არ მჯეროდაო.
წელს სულ სხვანაირი ახალი წელი მოდის. პატრულირებაზე მყოფ პოლიციის თანამშრომლებს შეხვედრია გიორგი და გამოლაპარაკებისას მათთვისაც ასე უთქვამს, მე ახალი წლის არ მჯერაო.
არ შემიძლია არ დავწერო, პოლიციის თანამშრომლები გუშინ და დღეს უკვე მესამედ ესტუმრნენ ჩვენ გიორგის, პირველ მოსვლაზე ნაძვის ხე საკუთარი ხელით მოურთეს, ოჯახში მდგომარეობის გაგების შემდეგ – მეორე მოსვლაზე პროდუქტი და ტკბილეული, ახლა კიდე ამოვიდნენ – ტანსაცმელი, საოჯახო ნივთები, თავისით რაც გადახედეს და მიხვდნენ, ოჯახს ჭირდებოდა.
არ შემიძლია არ გაგიზიაროთ, ეს ყველაფერი
მადლობა, ყველას ვისაც ამ მძიმე წლის ბოლოს ერთმანეთის გახარება გვსიამოვნებს და გვიხარია”- წერს ეთო კუჭავა.